თურქეთის ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის მოულოდნელად შემცირების შემდეგ, ლირა რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა. ვალუტა მაღალი ინფლაციის ფონზე არასტაბილურობის გაზრდილი რისკის ქვეშ მოექცა, რაც მონეტარულ პოლიტიკაზე პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ხანგრძლივ გავლენას ასახავს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ძირითადი განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 18%-მდე შეამცირა.
გასულ თვეში თურქეთში ინფლაცია მოულოდნელად გაიზარდა 19.25%-მდე, რის გამოც ქვეყნის რეალური საპროცენტო განაკვეთი, პირველად ოქტომბრის შემდეგ, ნულის ქვემოთ ჩამოვიდა.
ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ინფლაციის ბოლოდროინდელი ზრდა გარდამავალი ფაქტორებით არის განპირობებული. ბანკმა უკან წაიღო პირობა, რომ მისი რეფინანსირების განაკვეთი ინფლაციაზე მაღლა დარჩებოდა და მკაცრ მონეტარული პოლიტიკას შეინარჩუნებდა.
ერდოღანი, რომლის მმართველი პარტია ათწლეულების განმავლობაში სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობით იმარჯვებდა, ამტკიცებს, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები ხელს უწყობს ფასების ზრდას და არა მათ შეკავებას. ეკონომიკის შესუსტებასთან ერთად, ერდოღანისა და მისი პარტიის მხარდაჭერა იკლებს.
აღსანიშნავია, რომ ერდოღანმა ორ წელზე ნაკლებ დროში ეროვნული ბანკის 3 პრეზიდენტი გაათავისუფლა. ცენტრალური ბანკის წინა მმართველი, ნაჯი აგბალი, რომელმაც ინფლაციის პრობლემის გადასაჭრელად რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, წინააღმდეგობაში მოდიოდა ერდოღანის შეხედულებასთან, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთი იწვევს ინფლაციას. ცენტრალური ბანკის ახალი მმართველი, საჰაფ კავჯიოღლუ ერდოღანის პოზიციას იზიარებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჩაგან კოჩი