ნახშირბადის გამონაბოლქვსა და კლიმატის ცვლილებაში ავტომობილებისა და თვითმფრინავების წილი უზარმაზარია. Google მომხმარებლებს დაეხმარება დაგეგმონ ისეთი მარშრუტები, რომლებიც გარემოზე ზიანს მაქსიმალურად შეამცირებს.
გარდა იმისა, რომ რუკა დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად უსწრაფეს გზას აჩვენებს, ახალი ფუნქციის დამატებით, ის შეარჩევს მარშრუტს, რომლის გასავლელადაც ავტომობილს ყველაზე ნაკლები საწვავის გამოყენება დასჭირდება.
ამ ფუნქციის უზრუნველსაყოფად, Google-მა აპლიკაციას დაამატა აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის განახლებადი ენერგიის ეროვნული ლაბორატორიის მონაცემები, რომლებიც მარშრუტების ეკოლოგიურ პოტენციალს აფასებს. ეს წელიწადში მილიონ ტონაზე მეტი ნახშირბადის ემისიის ატმოსფეროში შესვლის პრევენციას ნიშნავს. იმავე ეფექტს მეცნიერები იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ საავტომობილო გზებზე მოძრავ ავტომობილებს 200 000-ით შეამცირებდნენ.
ფუნქცია აპლიკაციაში მწვანე ფოთლის სიმბოლოთი აღინიშნება და ჯერჯერობით ხელმისაწვდომი მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებშია, თუმცა კომპანია აღნიშნავს, რომ ის მალე ევროპაშიც ხელმისაწვდომი გახდება.