
Facebook-ის კრიპტოვალუტას, Libra-ს სახელი შეეცვალა და Diem-ი დაერქვა. კომპანია იმედოვნებს, რომ ახალი სახელი პროექტს ახალ შანსს მისცემს მარეგულირებლების მხრიდან წინააღმდეგობის დასაძლევად.
Diem-ი ლათინურად "დღეს" ნიშნავს და Diem-ის ქსელი იმუშავებს, როგორც გადახდების სისტემის ოპერატორი Diem დოლარით განხორციელებული ოპერაციებისთვის.
Libra-ს შექმნისთანავე, 2019 წლის ივნისში პოლიტიკოსებმა და მარეგულირებლებმა პროექტი გააკრიტიკეს. მათ მღელვარების საფუძველი Facebook-ის მხრიდან პერსონალური მონაცემების დაცვის და ფულის გათეთრების საფრთხეები იყო, თუმცა პროექტს მხარდამჭერებიც ჰყავდა - მათ შორის, PayPal და Visa, ასოციაცია იმედოვნებდა, რომ კრიპტოვალუტის გაშვებამდე 100 წევრს მოიზიდავდა.
Diem-ის ქსელს ამჟამად 27 მონაწილე ჰყავს და 100-წევრიან ქსელზე გეგმები ჯერჯერობით გვერდზე გადადო. ჯგუფი გეგმავს გამოუშვას stablecoin-ი - ციფრული ვალუტა, რომელიც მიბმული იქნება აშშ დოლარზე, თუმცა ამ ბაზარზე კონკურენცია დიდია - მათ შორის Tether-ის და USD Coin-ის მხრიდან.
Facebook-ს ამ ეტაპზე 2 ილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, რომელთა ნაწილმა შესაძლოა შანსი მისცეს Diem-ს, თუმცა სოციალური ქსელი ბოლო პერიოდში ცდილობდა დისტანცირება გაეკეთებინა Libra-სგან, როგორც წარუმატებელი პროექტისგან. მაისში კომპანიამ Calibra ბლოკჩეინ გრუპს სახელიც კი გადაარქვა და Novi უწოდა, რათა ნაკლებად ყოფილიყო დაკავშირებული Libra-სთან. Novi-ს გუნდი ამჟამად ციფრული საფულის პროექტზე მუშაობს, რომელიც Diem ქოინების შენახვაზე იქნება ორიენტირებული.
თავად Diem-ს ჯერჯერობით ლიცენზია სჭირდება შვეიცარიის მარეგულირებელი უწყებისგან, მოლაპარაკებები მიმდინარეობს აშშ-ს ფედერალურ და სახელმწიფო მარეგულირებლებთანაც. ამ ლიცნეზიების მოსაპოვებლად Diem-ის სისტემამ ყველა რეგულაცია უნდა დააკმაყოფილოს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოლგა ხარიფი