LIVE

Canva $40 მილიარდად შეფასდა - კომპანიის დამფუძნებლები მილიარდერთა რეიტინგში

02 ოქტ 202116:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 2261
Canva $40 მილიარდად შეფასდა - კომპანიის დამფუძნებლები მილიარდერთა რეიტინგში
Canva

ყველაფერი მოუხერხებელი პროგრამის გამო, მილენიალის აღშფოთებით დაიწყო. 2008 წელს, როდესაც ავსტრალიის ქალაქ პერტის უნივერსიტეტში მელანი პერკინსი დიზაინის პროგრამებს ასწავლიდა, ის იმედგაცრუებული იყო  კომპიუტერული პროგრამებით, რომელთაც სასწავლო პროცესში იყენებდა. 

”Facebook-ი იმ დროს ჯერ კიდევ იწყებდა, ხალხი მას მარტივად იყენებდა, მაგრამ დიზაინის ინსტრუმენტების შესწავლას წლები სჭირდებოდა. მე მინდოდა დიზაინის მარტივი, ონლაინ და ერთობლივი პროგრამის შექმნა”,- წერს პერკინსი.

ეს გამარჯვების ფორმულა აღმოჩნდა. გასულ კვირას გრაფიკული დიზაინის კომპანია Canva $40 მილიარდად შეფასდა. Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის თანახმად, 34 წლის პერკინსმა, მისმა 35 წლის მეუღლემ და თანადამფუძნებელმა კლიფ ობრეხტმა, თითოეულმა $5,9 მილიარდი მიიღეს.

კვლევითი ფირმის CB Insights-ის მონაცემების თანახმად, ბოლო დაფინანსების რაუნდმა სიდნეიში დაფუძნებული ფირმა მსოფლიოში მეხუთე უმსხვილეს სტარტაპად, ხოლო პერკინსი 40 წლამდე ქალ მილიარდერთა შორის უმდიდრესად აქცია. კანვას ინვესტორთა შორის არიან Franklin Templeton-ი და Sequoia Capital Global Equities-ი.

"სწორი მიმართულება"

პერკინსმა და ობრეხტმა, რომლებიც წლის დასაწყისში დაქორწინდნენ, განაცხადეს, რომ არ აპირებენ გაჩერებას.

”გვსურს ავაშენოთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღირებული კომპანია. სწორი მიმართულებით მივდივართ, მაგრამ მიზნისთვის არ მიგვიღწევია”,- თქვა პერკინსმა, რომელიც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია. 

Canva-ს მომხმარებლებმა შექმნეს 7 მილიარდზე მეტი დიზაინი, მაგრამ პერკინსს სურს, რომ ის უკონკურენტო გახდეს. ეს გულისხმობს PDF რეზიუმეების საბოლოოდ შეცვლას ინტერაქციული ვებზე დაფუძნებული ინსტრუმენტებით.

როგორც პერკინსმა გაამხილა Medium-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელიც თან ახლდა კომპანიის ღირებულების შეფასების სიახლეებს, ის და ობრეხტი ფლობენ კომპანიის მინიმუმ 30%-ს. Google-ის ყოფილი თანამშრომელი, კამერონ ადამსი, ასევე თანადამფუძნებელია, თუმცა მისი წილის რაოდენობა არ გახმაურებულა.

Canva პოპულარულია ბლოგერებში, სტუდენტებსა და მარკეტოლოგებში, რომლებსაც შეუძლიათ შეარჩიონ შაბლონები და შემდეგ მოარგონ ისინი საკუთარ გემოვნებას ლოგოების, რეზიუმეების, ფლაერების ან თუნდაც მაისურების დიზაინის შესაქმნელად. პერკინსის თქმით, მის ინსტრუმენტებს იყენებს 10 მილიონზე მეტი სტუდენტი და მასწავლებელი, ასევე კომპანიები, მათ შორის American Airlines Group-ი, Zoom Video Communications-ი, SkyScanner-ი, Intel-ი, Salesforce.com-ი, PayPal Holdings-ი და Marriott International-ი.

Canva-ს სურს, რომ მისმა შემოსავალმა წლის ბოლომდე $1 მილიარდს გადააჭარბოს. 

ტექნოლოგიური მილიარდერები

Bloomberg-ის ინდექსის მიხედვით, წყვილს ახალშეძენილი ქონება მათ ავსტრალიის მე-9 და მე-10 უმდიდრეს ადამიანებად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ქონება დიდი ხანია დაკავშირებულია სასაქონლო ინდუსტრიას, პერკინსი და ობრეხტი უერთდებიან ჯგუფს, რომელსაც სათავეში ჰყავს ტექნიკური დამფუძნებლები მაიკ კენონ-ბრუკსი და სკოტ ფარქუარი Atlassian-ის, პროგრამულ-დეველოპერული კომპანიის წარმომადგენელი.

პერკინსი ასევე ხდება ავსტრალიის მეორე უმდიდრესი ქალი, 67 წლის ჯინა რაინჰარტის შემდეგ, რომელსაც აქვს რკინის საბადოდან შეძენილი $17,9 მილიარდად შეფასებული ქონება.

Medium-ზე გამოქვეყნებულ პოსტში პერკინსმა პირობა დადო, რომ ის და ობრეხტი Canva-ს კაპიტალის უმეტეს ნაწილს ქველმოქმედებას მოახმარებენ. 

”უცნაურად ვგრძნობ თავს, როდესაც ხალხი მოგვიხსენიებს მილიარდერებად, რადგან არასოდეს მიგრძვნია, რომ ეს ჩვენი ფულია. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით, რომ მხოლოდ მისი დროებითი მცველები ვართ. დიდი ხნის წინ განვიზრახეთ, რომ სიმდიდრე სხვებისთვის გაგვენაწილებინა”,- თქვა პერკინსმა.

წყვილი თანხის გაცემას Canva-ს ფონდის საშუალებით გეგმავს. მათ დააანონსეს  არაკომერციული პროგრამა GiveDirectly, რომელიც $10 მილიონს გაუნაწილებს სამხრეთ აფრიკის ღარიბ მოსახლეობას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სკოტ კარპენტერი