ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში უმოქმედო სესხების ზრდა კვლავ მოსალოდნელია.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტიდან უმოქმედო სესხების მოცულობა 2 პროცენტული პუნქტით, 6.4%-მდე შემცირდა.
"ბუნებრივია, კრიზისთან ერთად ეკონომიკაში გაიზარდა სესხის მომსახურების ტვირთი. შემცირდა დასაქმება, ზოგ სექტორში ხელფასებიც შემცირდა, ხოლო ლარისა და დოლარის სესხების მომსახურება გართულდა. შესაბამისად, ეს აისახა როგორც რესტრუქტურიზაციებზე, ისე უმოქმედო სესხების ზრდაზე და მარტისთვის უმოქმედო სესხების დონემ მთლიანი პორტფელის 8.5%-ს მიაღწია. მარტის შემდეგ უკვე კლება დაიწყო უმოქმედო სესხების მოცულობამ და დღეის მდგომარეობით დაახლოებით 2 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. ჩვენი მოლოდინია, რომ საბაზისო სცენარით სესხების ხარისხის გაუმჯობესება გაგრძელდება, თუმცა რადგან პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობა და რისკები კვლავ არსებობს, სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, გამორიცხული არ არის უმოქმედო სესხების კვლავ ზრდა. თუმცა დღეს ცნობილი ფაქტორების გათვალისწინებით სრულად არის ასახული პორტფელზე უმოქმედო სესხების გაუარესება",- აცხადებს ლეჟავა.
უმოქმედო სესხები არასტანდარტული, უიმედო და საეჭვო სესხების ერთობლიობაა.