LIVE

საქართველოში იურისტების ციფრული პლატფორმა LawPort-ი ამოქმედდება

22 სექ 202113:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1247
საქართველოში იურისტების ციფრული პლატფორმა LawPort-ი ამოქმედდება

პირველი ოქტომბრიდან საქართველოში იურისტების ყველაზე დიდი ციფრული პლატფორმა „ლოპორტი“ (LawPort) ამოქმედდება. 

როგორც კომპანია „ლოპორტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და ციფრული პლატფორმის შექმნის ერთ-ერთმა ინიციატორმა, სანდრო სამადბეგიშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, ლოპორტი“ ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, საშუალებას აძლევს, დროის უმოკლეს მონაკვეთში მოიძიოს თავის საჭიროებებზე მორგებული ვიწრო სპეციალიზაციის იურისტი, რომელიც სასურველ ადგილსა და ენაზე გაუწევს მომსახურებას.

„ჩვენ გვეყოლება 20 სპეციალიზაციის 500 იურისტი. მათ შორის გემბლინგის სამართლის, კრიპტოვალუტის სამართლის, სამშენებლო სამართლის და ასე შემდეგ. იურიდიული მომსახურების მიღების მსურველს პლატფორმა ელექტრონულად, სპეციალური ალგორითმის მეშვეობით და ყველანაირი სუბიექტური ფაქტორის გამორიცხვით შესთავაზებს 3 ან 4 იურისტს. მითითებული იქნება, ასევე რომელი იურისტი რა თანხად შეასრულებს სამუშაოს და როგორია მათი რეიტინგი, რომელიც მათი გამოცდილებიდან და ყოფილი  კლიენტების შეფასებიდან გამომდინარე დგება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ  კლიენტის მიერ ელექტრონულად გადახდილ თანხას ჩვენი იურისტი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღეს თუ კლიენტთან გაფორმებულ ხელშეკრულების ყველა პირობას შეასრულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფული უბრუნდება კლიენტს. გვექნება, ასევე ე.წ. SOS სიგნალი. ვთქვათ, ოჯახის წევრი ან ახლობელს სამართალდამცავებთან შეექმნა პრობლემა და სადღაც პერიფერიაში ან თუნდაც ქალაქში გვიან ღამით სჭირდება იურიდიული მომსახურება. კლიენტი აჭერს ამ SOS ღილაკს და  მინიმალურ დროში, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში  მიიღებს შესაბამის მომსახურებას“,- აცხადებს სამადბეგიშვილი.

მისი თქმით, პლატფორმა ახალ მასშტაბებზე გასვლის საშუალებას აძლევს იურისტებსაც და დაეხმარება მათ კლიენტის მოძიებასა და საკუთარი თავის მარკეტინგში.

ამ ეტაპზე პლატფორმაზე უკვე დარეგისტრირებულია 250-ზე მეტი იურისტი. სამადბეგიშვილის განმარტებით, რეგისტრაციის პროცესი ძალიან მარტივია, ნებისმიერ იურისტს შეუძლია, ონლაინ რეჟიმში განათავსოს თავისი პროფილი lawport.ge-ზე, წარადგინოს ფინანსური წინადადებები არსებული სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით და მიიღოს დავალებები.

"იურიდიულ ფირმებში იურისტის სარგებელი ბევრად მცირეა, ვიდრე დამოუკიდებლად მუშაობისა და ჩვენი პლატფორმით სარგებლობის პირობებში. მეტიც, საგულისხმოა, რომ ის იურისტები, რომლებიც უახლოეს პერიოდში დარეგისტრირდებიან LawPort-ზე, კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებით ითანამშრომლებენ პლატფორმასთან. რაც შეეხება მსხვილ იურიდიულ ფირმებთან კონკურენციას, საწყის ეტაპზე, ამგვარი მოსალოდნელი არ არის, ხოლო რაც შეეხება მცირე ზომის იურიდიულ ფირმებს, მათ ასევე აქვთ ჩვენთან რეგისტრაციისა და საკუთარი სერვისების შეთავაზების შესაძლებლობა",- აცხადებს სამადბეგიშვილი.