ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის "აწარმოე საქართველოშის" ინფორმაციით, 1-ლი სექტემბრიდან დღემდე "სუბსიდირებული იპოთეკური სესხის" პროგრამის ფარგლებში 47 სესხი გაიცა, ხოლო 17 განხილვის პროცესშია.
"აწარმოე საქართველოში" ახალი პროგრამა - "სუბსიდირებული იპოთეკური სესხი" 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა. პროგრამა ითვალისწინებს სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის მანძილზე.
პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ მათ, ვისაც:
• ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;
• სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;
• სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.
პროგრამის ფარგლებში იპოთეკური კრედიტები გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, მას გასცემს კომერციული ბანკი, პირველადი და მეორადი ბინის/სახლის შესაძენად ან კერძო სახლის ასაშენებლად.
იპოთეკური სესხი უნდა გაიცეს 2021 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგ. სესხის მაქსიმალური მოცულობა იქნება 200 ათასი ლარი. თუმცა, დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 ათას ლარს.
ამასთან, პროგრამაში მონაწილეობა ბენეფიციარს შეუძლია მხოლოდ ერთხელ, მის მიერ აღებული სესხის მოცულობის მიუხედავად.