LIVE

მთავრობა ღვინის კომპანიების მარკეტინგული ღონისძიებების თანადაფინანსებას გეგმავს

06 სექ 202113:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 859
მთავრობა ღვინის კომპანიების მარკეტინგული ღონისძიებების თანადაფინანსებას გეგმავს

მთავრობა ღვინის ექსპორტიორი კომპანიების მარკეტინგულ კამპანიებს დააფინანსებს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თქვა, სარეკლამო ღონისძიებების დაფინანსება დსთ-ს ქვეყნებში არ იგეგმება. რაც შეეხება ბიუჯეტს, თითოეული კომპანიისთვის გამოყოფილი იქნება წლიურად 600 ათასი ლარი. 

"მარკეტინგული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამა ითვალისწინებს თანადაფინანსებას ყველა იმ ბაზარზე, სადაც ქართული ღვინო გავა. გამოკლებით დსთ-სა და საქართველოში. ბუნებრივია, საქართველოში რეალიზაციას ჩვენგან პოპულარიზაციაში ხელშეწყობა არ სჭირდება და ამას ახერხებენ როგორც მცირე, ისე საშუალო და დიდი კომპანიები. ჩვენი მიზანია, საექსპორტო გაყიდვების წახალისება და გაზრდა, თუმცა ახალ გეოგრაფიაში. დსთ-ს ქვეყნებში მარკეტინგული ღონისძიებები არ დაფინანსდება, მაგრამ დაფინანსდება ყველა დანარჩენ ქვეყანაში, სადაც ღვინის კომპანიები მარკეტინგულ ღონისძიებებს განახორციელებენ. მარკეტინგული ღონისძიებების ბიუჯეტი ერთი კომპანიისთვის განისაზღვრა წლის განმავლობაში 600 ათასი ლარით, თუმცა ეს არის საწყისი, საპილოტე ვერსია და შემდგომში შეიძლება კიდევ უფრო მეტი თანხა გამოყოს სახელმწიფომ, თუ დავინახავთ რომ პროგრამა წარმატებით ხორციელდება",-აცხადებს დავითაშვილი.

მისივე თქმით, თავად კომპანიებმაც უნდა გაზარდონ საკუთარი მარკეტინგული ღონისძიებებისთვის ბიუჯეტი და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებენ სახელმწიფოსგან თანადაფინანსებას. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ახალი სახელმწიფო პროგრამა პოპულარული იქნება, რადგან როგორც ამბობს ის შეთანხმებულია თავად ღვინის კომპანიებთან. 

"არ გვინდა, რომ ღვინის კომპანიებმა ბიუჯეტის ხარჯზე ჩაანაცვლონ საკუთარი მარკეტინგული აქტივობები, ამიტომ, კიდევ ერთი კრიტერიუმი გულისხმობს, რომ მათ უნდა გაზარდონ არსებული მარკეტინგული ბიუჯეტები და ეს აუდიტის მიერ დადასტურდება. კონკრეტულად, მიმდინარე საანგარიშო წლის მარკეტინგული ხარჯი წინა წელთან შედარებით უნდა იყოს გაზრდილი",-განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.