LIVE

ავღანეთის საავიაციო სამსახური თვითმფრინავებს მარშრუტის შეცვლას ურჩევს

16 აგვ 202114:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1134
ავღანეთის საავიაციო სამსახური თვითმფრინავებს მარშრუტის შეცვლას ურჩევს
REUTERS/Chris Helgren

ავღანეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ (ACAA) განაცხადა, რომ ქაბულის საჰაერო სივრცე თალიბთა სამხედროებს გადაეცა და სატრანზიტო თვითმფრინავებს მარშრუტის გადახედვა ურჩია. ინფორმაცია სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ACAA-ს განცხადების თანახმად, ნებისმიერი ტრანზიტი ქაბულის საჰაერო სივრცეში უკონტროლო იქნება.

ამერიკის ავიახაზებმა, ბრიტანულმა ავიახაზებმა და Virgin Atlantic-მა უკვე შეწყვიტეს ავღანეთის საჰაერო სივრცის გამოყენება მას შემდეგ, რაც მეამბოხეებმა აიღეს კონტროლი საპრეზიდენტო სასახლეზე ქაბულში, აშშ-ის მეთაურობით ჯარებმა ქვეყანა დატოვეს და დასავლეთის ქვეყნებმა მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს.

ფრენების მონიტორინგის ვებგვერდის, FlightRadar24-ის თანახმად, Air India-ს რეისმა ჩიკაგოდან დელიში შეცვალა კურსი და ავღანეთის საჰაერო სივრცე შესვლისთანავე დატოვა, ბაქოდან დელიში რეისის შესრულებისას კურსი შეცვალა Terra Avia-ს თვითმფრინავმაც.

ავიაკომპანიებმა და მთავრობებმა ბოლო წლებში მეტი ყურადღება მიაქციეს კონფლიქტის ზონებზე ფრენის რისკებს მას შემდეგ, რაც ორი სასიკვდილო ინციდენტი დაფიქსირდა.

მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოაგდეს აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს, რის შედეგადაც 298 ადამიანი დაიღუპა, ხოლო უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი ირანელმა სამხედროებმა 2020 წელს ჩამოაგდეს, რასაც ყველა მგზავრისა და ეკიპაჟის წევრების სიცოცხლე ემსხვერპლა.