ისრაელში 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის მესამედმა Covid-19-ის “ბუსტერ” დოზა უკვე მიიღო.
ინფიცირების მორიგი ტალღისა და “ლოქდაუნის” თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის უწყებას ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდა.
Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ე.წ. “ბუსტერ” დოზა 420 000-მა ხანდაზმულმა მიიღო.
“ეს უზარმაზარი მიღწევაა, მაგრამ ტემპი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. ჩვენ უნდა დავძლიოთ პანდემია და ვაქცინაციასა და ვირუსის გავრცელებას შორის შეჯიბრში უნდა გავიმარჯვოთ”,- თქვა ბენეტმა.
ისრაელმა ივლისის ბოლოს განაცხადა, რომ 60 წელზე უფროსი ასაკის პირებს მესამე, გამაძლიერებელ დოზას შესთავაზებს.
ისრაელში, სადაც მოსახლეობის თითქმის 60% სრულად ვაქცინირებულია, ბოლო კვირებში ინფიცირების შემთხვევების რიცხვი გაიზარდა. ისრაელის მთავრობა დამსაქმებლებს დისტანციურ რეჟიმში მუშაობისკენ მოუწოდებს. ქვეყანამ გაამკაცრა მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვები. მთავრობა არ გამორიცხავს, რომ შემთხვევების მატების შემთხვევაში, შესაძლოა, კვლავ “ლოქდაუნის” საჭიროება დადგეს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალისა ოდენჰაიმერი