ისრაელი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ, 60 წელზე უფროსი ასაკის პირებს მესამე, გამაძლიერებელ ვაქცინას შესთავაზებს. ქვეყნის ახალი პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი იქნება პირველი, ვინც ვაქცინის გამაძლიერებელ დოზას მიიღებს.
ქვეყანა ლიდერობს მსოფლიოში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამაში და პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ბუსტერ დოზის მიღებას შეძლებენ პირები, რომლებიც ხუთ თვეზე მეტი ხნის წინ აიცრნენ.
“რეალობა ადასტურებს, რომ ვაქცინები უსაფრთხოა. რეალობა ასევე ადასტურებს, რომ ვაქცინები იცავს მძიმე ავადობისა და სიკვდილისგან და გრიპის ვაქცინის მსგავსად, რომელიც დროდადრო უნდა განახლდეს, იგივეა ამ შემთხვევაშიც”,- განაცხადა ნაფტალი ბენეტმა.
ისრაელი პირველი ქვეყანაა, რომელმაც მოსახლეობას ვაქცინის მესამე დოზა შესთავაზა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა და გაჩნდა ნიშნები იმისა, რომ ვაქცინის ეფექტურობა დროთა განმავლობაში მცირდება.
აღსანიშნავია, რომ მესამე დოზის ავტორიზება არც ევროკავშირს და არც შეერთებულ შტატებს ჯერ არ მოუხდენია.
ისრაელში ჩატარებული წინასწარი კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინის დაცვის უნარი შემცირდა იმ ადამიანებს შორის, ვინც აცრილია იანვარში.
“დასკვნები აჩვენებს, რომ დროთა განმავლობაში სხეულის იმუნიტეტი მცირდება და გამაძლიერებლის მიზანია მისი ხელახალი გაძლიერება, რითაც მნიშვნელოვნად შემცირდება გართულების რისკი”,- აცხადებს ნაფტალი ბენეტი.
ქვეყნის 9.3 მილიონი მოქალაქეს, მოსახლეობის 57%-ზე მეტს, აქვს მიღებული Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზა, ხოლო 40 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის 80%-ზე მეტი აცრილია. ვაქცინაციის პროგრამამ ისრაელს ეკონომიკის გახსნის საშუალება მისცა.