LIVE

თურქეთში ხანძარი თბოელექტროსადგურს უახლოვდება

03 აგვ 202119:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 7193
თურქეთში ხანძარი თბოელექტროსადგურს უახლოვდება

თურქეთი კვლავ ხანძარს ებრძვის. ტყის ხანძარი, რომელიც ბოლო ათწლეულების მანძილზე ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური სტიქიური მოვლენაა, მილასში მდებარე თბოელექტროსადგურს უახლოვდება.

დღემდე ხანძარს რვა ადამიანი ემსხვერპლა, ევაკუირებულია ათასობით მოქალაქე და ტურისტი. განადგურებულია ტყის საფარი და ფერმები, გადამწვარია ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსის სანაპიროები.

თურქეთის ზოგიერთ ქალაქში 40 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის გამო დენის რეკორდულად აქტიურმა მოხმარებამ ანკარასა და სტამბოლში უშუქობა გამოიწვია.

ევროკავშირის მიერ გაგზავნილი სამი სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენის გარდა, თურქეთს რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და ირანი ეხმარება. 

გასულ ოთხშაბათს გაჩენილი ხანძარი საფრთხეს უქმნის ანტალიას, ბოდრუმსა და მარმარისს, სადაც ასობით ტურისტი და ადგილობრივი მკვიდრი სახლებიდან და სასტუმროებიდანაა ევაკუირებული.

ჯამში, თურქეთის 30 პროვინციაში გაჩენილი ხანძრის 129 კერის ჩაქრობა 4,000-მდე მეხანძრე-მაშველმა შეძლო.

ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 2021 წელს ქვეყანაში 95,000 ჰექტარია გადამწვარი, მაშინ როცა 2008-დან 2020 წლამდე საშუალოდ 13,516 ჰექტარი დაიწვა.

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის მთავრობას მკაცრად აკრიტიკებენ ქვეყანაში წყლის საჰაერო რეზერვუარების არქონის გამო, განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში ხანძრის კერების გასაკონტროლებლად.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება. ერთ-ერთ შესაძლო ოფიციალურ ვერსიად განიხილება როგორც ადამიანური „დაუდევრობა“ ასევე ქურთი კანონგარეშე სამხედროების მხრიდან საბოტაჟის მცდელობა.

თავის მხრივ, ექსპერტები კი, ადამიანურ ფაქტორთან ერთად, ხანძრის გამომწვევ მიზეზად კლიმატის ცვლილებასაც განიხილავენ.