
„შაორი შალემ“ - კოტეჯმა შაორის ტბის ზედაპირზე, წელს 25 წყვილს უმასპინძლა. ბიზნეს იდეის ავტორისა და კომპანიის დამფუძნებლის, ვახტანგ იაშვილის განცხადებით, ვიზიტორების ნახევარზე მეტი უცხოელები, ძირითადად, რუსულენოვანი ტურისტები არიან.
„შაორზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა, თუმცა იმის გამო, რომ ტბის შემოგარენში მიწა საკმად ძვირია და ფაქტობრივად ყველაფერი გაყიდულია, გადავწყვიტეთ კოტეჯი წყლის ზედაპირზე მოგვეწყო. კოტეჯის მშენებლობა 2018 წელს დავიწყეთ, 40 ათას ლარიანი ინვესტიციით და პირველი სტუმარი 2020 წლის შემოდგომაზე მივიღეთ“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ იაშვილმა.
მისი თქმით, წელს სეზონი ივნისში დაიწყო და „შაორი შალე“ ვიზიტორების ნაკლებობას არ უჩივის. რაც შეეხება გეგმებს, ახლო მომავალში იგეგმება 4 ადამიანზე გათვლილი მცურავი კოტეჯების მოწყობა. ამასთან, იმის გამო, რომ შაორის ტბაზე გასართობი ინფრასტრუქტურის ნაკლებობაა, მცურავი ბუნგალოს (კვება, მუსიკა, სასმელი, შეზლონგი) მოწყობაც იგეგმება. პროექტი და კონცეფცია უკვე მზადაა და დაახლოებით 80 ათასი ლარის ინვესტიციას საჭიროებს.