LIVE

ავტობუსის გაჩერებაზე ბრიტანეთის საიდუმლო სამხედრო დოკუმენტები იპოვეს

28 ივნ 202111:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 4450
ავტობუსის გაჩერებაზე ბრიტანეთის საიდუმლო სამხედრო დოკუმენტები იპოვეს
Seyran Baroyan/AFP via Getty Images

ინგლისის სამხრეთით მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე ბრიტანეთის საიდუმლო სამხედრო დოკუმენტები იპოვეს. მათში განხილულია გასულ კვირას ყირიმის სანაპიროზე სადავო ხომალდის მოგზაურობის გეგმა და ავღანეთიდან ჯარის გაყვანის სტრატეგია. BBC-ის ცნობით, თავდაცვის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ნაშრომი კლასიფიცირებულია, როგორც “ოფიციალურად მგრძნობიარე”, რაც გასაიდუმლოების შედარებით დაბალი დონეა, ის განკუთვნილი იყო თავდაცვის მინისტრ ბენ უოლასისთვის.

BBC-ის თანახმად, დოკუმენტში აღწერილია “უაღრესად დელიკატური რეკომენდაციები” ავღანეთში გაერთიანებული სამეფოს სამხედრო წარმომადგენლობის გაყვანის შესახებ მას შემდეგ, რაც NATO-ს ქვეყნები ასრულებენ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გეგმას ჯარების 11 სექტემბრამდე გაყვანის შესახებ. 

მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში ბრიტანელი სამხედროები არ დაღუპულან მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა თალიბანთან 2020 წლის თებერვალში გარიგება დადო, დოკუმენტში ნათქვამია, რომ “სტატუს-ქვოს შენარჩუნება ნაკლებ სავარაუდოა”.

დოკუმენტები ასევე მოიცავს ბრიტანეთის საზღვაო გამანადგურებლის, HMS Defender-ის ყირიმის სანაპიროსთან სადავო წყლებში მოგზაურობის გეგმას.

ავტობუსის გაჩერებაზე ნაპოვნი დოკუმენტების თანახმად, ბრიტანელმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გამორიცხეს სადავო წყლებში გადაადგილებისგან თავის შეკავების ვერსია, რადგან ეს იქნებოდა ბრიტანეთის “შიშისა და გაქცევის” მტკიცებულება რუსეთისთვის.