LIVE

რუსეთის მტკიცებით, შავ ზღვაში ბრიტანულ ხომალდს ცეცხლი გაუხსნა - ბრიტანეთი მომხდარს უარყოფს

23 ივნ 202115:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 4611
რუსეთის მტკიცებით, შავ ზღვაში ბრიტანულ ხომალდს ცეცხლი გაუხსნა - ბრიტანეთი მომხდარს უარყოფს
Yulii Zozulia/Ukrinform/Barcroft Media/Getty Images

მოსკოვის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ რუსეთმა შავ ზღვაში ბრიტანულ სამხედრო ხომალდს გაფრთხილების მიზნით, ბომბები ესროლა და ცეცხლი გაუხსნა. 

უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც ხომალდმა რუსეთის წყლებში ყირიმის ტერიტორიიდან შეაღწია და რადარების გაფრთხილებას არ დაემორჩილა, Su-24 ტიპის თვითმფრინავმა H.M.S. Defender-ის სიახლოვეს ოთხი ბომბი ჩამოაგდო, ხოლო სასაზღვრო საპატრულო გემმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა. 

სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტის დროს, ხომალდი სევასტოპოლის საზღვაო ბაზის სამხრეთით, ფიოლენტის კონცხთან ახლოს სამი კილომეტრის სიღრმეზე იმყოფებოდა. ბომბების ჩამოყრიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, მან კურსი შეცვალა და რუსული წყლები დატოვა.  

Interfax-ის ინფორმაციით, მომხდარზე საპასუხოდ, რუსეთმა ბრიტანეთიდან ელჩი და სამხედრო ატაშე გამოიძახა. 

გავრცელებულ ინფორმაციას მოგვიანებით დიდი ბრიტანეთი გამოეხმაურა და რუსეთის მიერ გავრცელებული ცნობები უარყო.

ბრიტანული მხარის განცხადებით, სროლა არ იყო მიმართული ხომალდის მიმართ და არც ბომბები უსვრიათ მისთვის. ეს იყო "სავარჯიშო გასროლა", რამდენადაც რუსები შავ ზღვაში წვრთნებს ატარებდნენ. მას ხომალდის ვოიაჟზე გავლენა არ ჰქონია.

"HMS Defender-ის მიმართ გამაფრთხილებელი გასროლა არ ყოფილა. სამეფო საზღვაო ძალების გემი უკრაინის ტერიტორიულ წყლებში საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, გადაადგილდება კანონიერად,” ნათქვამია განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები ყირიმს რუსეთის ტერიტორიად არ ცნობენ. ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, ბენ უოლასის თქმით, ხომალდი ოდესიდან საქართველოს მიმართულებით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვაო დერეფნით მოდიოდა. იგი უსაფრთხოდ გავიდა დერეფანიდან ბრიტანეთის დროით 09:45-ზე.

ხომალდის Twitter-ზე აღნიშნულია, რომ Defender-მა სამშაბათს დატოვა ოდესა, სადაც ოფიციალურმა პირებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, ბრიტანეთის დახმარებით, უკრაინის საზღვაო ძალების გაძლიერების პროგრამის განხორციელების შესახებ. ოქტომბერში მიღწეული შეთანხმება მოიცავს არსებული გემების განახლებას და ახლების მიწოდებას.

დიდი ბრიტანეთის განცხადებით, გემის მარშრუტი იყო ყველაზე პირდაპირ მიმართული მარშრუტი უკრაინასა და საქართველოს შორის, რომელიც ხომალდის შემდეგი დანიშნულების ადგილია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვლადიმერ კუზნეცოვი