LIVE

Alibaba-ს მონაცემთა ბაზიდან უზარმაზარმა ინფორმაციამ გაჟონა

17 ივნ 202111:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 526
Alibaba-ს მონაცემთა ბაზიდან უზარმაზარმა ინფორმაციამ გაჟონა
Qilai Shen/Bloomberg

Alibaba Group Holding-ის მარკეტინგის კონსულტანტს თვეების მანძილზე გაჰქონდა ინფორმაცია მონაცემთა ბაზიდან, მათ შორის მომხმარებლების სახელები და ტელეფონის ნომრები.

ჩინეთის ცენტრალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანიის თანამშრომელი, რომელიც Alibaba-ს ონლაინ სავაჭრო ცენტრში იყო ჩართული, დამნაშავეა მომხმარებლებზე მილიარდზე მეტი მონაცემის შეგროვებაში 2019 წლიდან. სასამართლომ თანამშრომელს და მის დამსაქმებელს მიუსაჯა სამ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა და $70 260 ჯარიმა.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლის არცერთი მონაცემი არ გაყიდულა და Alibaba-ს მომხმარებლებს ფინანსური ზარალი არ მიუღიათ. ამ ინციდენტის ფონზე ჩინეთის მთავრობამ გაამკაცრა ინფორმაციის ფლობის, დაგროვებისა და დამუშავების წესები. ეს ეხება ინტერნეტ გიგანტებს, როგორებიცაა Alibaba, Tencent Holdings და Meituan, რომლებიც ყოველდღიურად ასობით მილიონი მომხმარებლის მონაცემებს ამუშავებენ. პეკინი ცდილობს უმსხვილესი კერძო ფირმების მზარდი გავლენის გაკონტროლებას. მთავრობა აფინანსებს მონაცემთა ცენტრებისა და სხვა ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რათა ელექტრონული ინფორმაცია გახდეს ეროვნული ეკონომიკის მამოძრავებელი და კომუნისტური პარტიის ლეგიტიმურობის ინსტრუმენტი.

ჩინეთის მონაცემთა უსაფრთხოების ახალი რეჟიმი ძალაში შედის 1-ელი სექტემბრიდან, რაც მთავრობას უფლებამოსილებას ანიჭებს გათიშოს, ან დააჯარიმოს ტექნიკური კომპანიები, რომლებიც ძირითადი მონაცემების არასწორად მართვაში იქნებიან ეჭვმიტანილნი. საკანონმდებლო ორგანო ასევე შეიმუშავებს პერსონალური ინფორმაციის დაცვის შესახებ კანონმდებლობას, რომელიც სავარაუდოდ წელს მიიღება.

ამის პარალელურად დებატები მიმდინარეობს აშშ-ში, სადაც დეპუტატებმა მოითხოვეს ინტერნეტ გიგანტების დაყოფა, როგორიცაა Facebook და Alphabet, ხოლო ევროპაში მარეგულირებელმა ორგანოებმა პრიორიტეტი მიანიჭეს ანტიმონოპოლიურ მოქმედებებს და მომხმარებლებს მეტ კონტროლს აძლევენ მონაცემების მართვაზე. 16 ივნისს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრძანება გასცა გამოეკვლია უცხოური პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების საკითხები მას შემდეგ, რაც გააუქმა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული აკრძალვები ჩინური პროგრამების TikTok-ის და WeChat-ის მიმართ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კოკო ლიუ