პირველად საქართველოს ისტორიაში მაღალტექნოლოგიური სტარტაპ კომპანია გლობალურ ბაზარზე წარმატებით გავიდა. ქართული სტარტაპი Pulsar AI-ი ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა კომპანიამ SpinCar-მა იყიდა.
გარიგების ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს აღემატება. ამავე გარიგების შედეგად, Pulsar AI-ის ტექნოლოგიები ინტეგრირდება SpinCar-ის პლატფორმაზე, ხოლო Pulsar AI-ის ყველა დასაქმებული განაგრძობს ტექნოლოგიის განვითარებას გლობალური კომპანიის გუნდთან ერთად.
Pulsar AI-მ შექმნა დიალოგების ავტომატიზაციის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა ავტომანქანის დილერებისთვის.
“Pulsar-ის გუნდმა შექმნა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა ამ დროისთვის. ჩვენ მოხარულები ვართ მივიღოთ ეს გუნდი ჩვენს ოჯახში და გამოვიყენოთ მათი ცოდნა და ტექნოლოგიური ინოვაციები კიდევ უფრო კარგი შედეგების მისაღებად ნებისმიერი ზომის და ტიპის დილერებთან მიმართებაში," განაცხადა SpinCar-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, დევინ დალიმ.
SpinCar-ის მიერ ქართული სტარტაპის შეძენას გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრიც.
„ეს ფაქტიც ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა ინტელექტუალური პოტენციალი არსებობს საქართველოში და დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ უფრო დიდი წარმატება და გამარჯვება გველის“,- აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, სტარტაპის საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით გასვლა ადასტურებს, რომ მთავრობის ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში სწორი ნაბიჯია.
აღსანიშნავია, რომ Pulsar AI 2018 – 2019 წლებში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100,000 და 650,000 ლარის თანადაფინანსების გრანტების გამარჯვებულია.
"უდიდესი ნაბიჯია გადადგმული წინ უნიკორნობისკენ და ამ deal-მა მნიშვნელოვნად გაამდიდრა ქართული ეკოსისტემა! მარტო ამ deal-მა სააგენტოს სამ წლიანი გეგმა შეასრულა," ასე გამოეხმაურა გარიგებას სააგენტოს ხელმძღვანელი, ავთანდილ კასრაძე.