
კანადა გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას 12-15 წლის მოზარდებში გამოიყენებს.
”მტკიცებულებების სიღრმისეული და დამოუკიდებელი სამეცნიერო განხილვის დასრულების შემდეგ, დეპარტამენტმა დაადგინა, რომ ეს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია Covid-19-ის პრევენციისთვის 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში”,- ნათქვამია კანადის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.
ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ მარტის ბოლოს განცხადა, რომ კვლევის მიხედვით, ვაქცინა ამ ასაკის მოზარდებში 100%-ით ეფექტიანია.
სიახლე ქვეყანას საშუალებას მისცემს გააფართოოს ვაქცინაციის კამპანია და დაეწიოს "დიდი შვიდეულის" ვაქცინაციის მხრივ ლიდერ ქვეყნებს. მინიმუმ ერთი დოზით კანადაში აცრილია მოსახლეობის 29.7%, დიდ ბრიტანეთში - 44.5%, ხოლო აშშ-ში 51.9%.
კანადაში, ისევე როგორც აშშ-ში, დეკემბრიდან ამ დრომდე ვაქცინით 16 წელზე უფროსი ასაკის პირებს ცრიდნენ.
თეთრი სახლის მთავარი სამედიცინო მრჩეველის, ენტონი ფაუჩის ინფორმაციით, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) მოზარდებში ვაქცინის გამოყენების გადაუდებელ ავტორიზაციას უახლოეს დღეებში გასცემს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტივენ ვიკარი