
შვედი გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების მოწინააღმდეგე აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი COVAX პლატფორმას, ვაქცინების შესაძენად, 100 000 ევროს ($120 000 ) გადაურიცხავს. ამის შესახებ მან გუშინ "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" შეხვედრაზე განაცხადა.
”საერთაშორისო საზოგადოებამ მეტი უნდა გააკეთოს, რათა გაუმკლავდეს ტრაგედიას, რაც ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის უთანასწორობაში გამოიხატება. ჩვენ შეგვიძლია გამოვასწოროთ დიდი დისბალანსი, რომელიც დღეს მსოფლიოში COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებობს. ისევე, როგორც კლიმატის კრიზისის დროს, ჩვენ უნდა დავეხმაროთ იმათ, ვინც ყველაზე დაუცველია. სწორედ ამიტომ, მე მხარს ვუჭერ WHO-ს, Gavi-ს და ყველას, ვინც COVAX-ის ინიციატივაში მონაწილეობს, რაც, ჩემი აზრით, საუკეთესო გზაა ვაქცინების განაწილების სამართლიანობის უზრუნველსაყოფად და პანდემიიდან თავის დასაღწევად,”- განაცხადა ტუნბერგმა.
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა გრეტა ტუნბერგს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საზოგადოებას მისი მიბაძვისკენ მოუწოდა.
18 წლის აქტივისტის თქმით, თანხა რომელსაც COVAX პლატფორმას გადაურიცხავს, მისმა ფონდმა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ღონისძიებების ადვოკატირების საქმეში ჯილდოს სახით მიიღო.
About 1 in 4 people in high-income countries have received a COVID-19 vaccine, compared with just 1 in more than 500 in low-income countries.
— Greta Thunberg (@GretaThunberg) April 19, 2021
My foundation will donate €100000 to support COVAX to ensure a more equitable global COVID-19 vaccine distribution. #VaccineEquity pic.twitter.com/JKxZC4s8F7
ცნობისთვის, COVAX-პლატფორმა ვაქცინაზე წვდომის გლობალური ფონდია, რომელიც ერთი წლის წინ "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა" და "ვაქცინების გლობალური ალიანსის" ინიციატივით შეიქმნა. ის დაბალი შემოსავლის ქვეყნებს ვაქცინების მიღებაში ეხმარება. საქართველომ 13 მარტს AstraZeneca-ს 43 200 დოზა სწორედ COVAX-ის მეშვეობით მიიღო.