
ლიეტუვა NATO-ს მოკავშირეებს უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის, MAP-ის მინიჭებას შესთავაზებს, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს, საბოლოოდ გაწევრიანდეს ალიანსში. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
„ჩვენ მალე უნდა მივმართოთ კოლეგებს წერილით, რომ კიდევ ერთხელ განიხილონ უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება. ამ საკითხზე კოორდინაცია ახლა ბალტიის ქვეყნების კოლეგებთან დავიწყეთ“,- თქვა ლანდსბერგისმა ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ლანდსბერგისის თქმით, ეს იქნება „ძლიერი სიგნალი რუსეთისთვის“, რომ ჩრდილოატლანტიკურ კურსს, რომელიც უკრაინამ აირჩია, NATO-ს ქვეყნები აფასებენ.
სამშაბათს LRT TV- თან ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი რომ ყოფილიყო, რუსეთი ვერ შეძლებდა ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყებას.
“ყველანი გარკვეულწილად ვგრძნობთ პასუხისმგებლობას იმ ნაბიჯებისთვის, რომლებიც წარსულში არ გადავდგით“,-აღნიშნა მან.
ცნობისთვის, რუსეთის საპასუხოდ NATO-ში გაწევრიანების დაჩქარების შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა 6 აპრილს ისაუბრა და აღნიშნა, რომ "დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა NATO-ს წევრობაა და MAP-ი იქნება რეალური სიგნალი რუსეთისთვის“.