LIVE

გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციები - რა უნდა იცოდეს ბიზნესმა

02 ივლ 202412:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 802

გასულ წელს გლობალურ ბაზარზე მდგრადი ინვესტიციების მოცულობამ 30 ტრილიონ დოლარს გდააჭარბა, ეს იმ ფონზე, როცა გავლენაზე ორიენტირებული ინვესტორები ჯერ კიდევ რამდენიმე ათწლეულის წინ თითქმის არ არსებობდნენ.

საქმე იმაშია, რომ ინვესტორების ხედვა იცვლება: თანამედროვე სამყაროში მეტი მნიშვნელობა შეიძინა სისტემურმა ინვესტირებამ - როცა ინვესტორი ინვესტიციას არა მხოლოდ როგორც კაპიტალდაბანდებას უყურებს კონკრეტულ პროექტში თუ კომპანიაში, არამედ როგორც უფრო ფართო მიზნის მიღწევის ნაწილს.

შესაბამისად, სულ უფრო მზარდია ინტერესი გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების მიმართ. გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების გლობალური ქსელის (GIIN) შეფასებით, უშუალოდ ამ ტიპის ინვესტიციების ბაზარმა 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა და მოსალოდნელია, რომ ორიშნა ზრდას გააგრძელებს 2030 წლამდე. 

ამას მოწმობს ისიც, რომ საპენსიო თუ კერძო ფინანსური ფონდების ინტერესიც სულ უფრო მეტად იმატებს გავლენაზე ორიენტირებულ აქტივებში ინვესტირების თვალსაზრისით. ეს კი თავის მხრივ, პასუხისმგებელი და მდგრადი ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. 

შესაბამისად, შემოსავლის გენერირება კარგის კეთებით გლობალურ ბიზნესში მნიშვნელოვან ტენდენციად დამკვიდრდა და გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციებიც ნიშური, ვიწრო მიმართულება აღარ არის, რამდენადაც უკვე ისეთი დიდი ფონდების ყურადღებასაც იქცევს, როგორიცაა მაგალითად Bain Capital ან BlackRock.

საინტერესოა ისიც, რომ მაგალითად, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის თანახმად, გავლენაზე ორიენტირებული ფონდები კაპიტალს ისეთ კომპანიებში აბანდებენ, რომლებითაც ტრადიციული დამფინანსებლებიც დაინტერესდებოდნენ.

მეორე მხრივ, ამავე წყაროს თანახმად, გავლენაზე ორიენტირებული ინვესტორები ტრადიციული ფირმებისგან განსხვავებულად უყურებენ სამიზნე კაპიტალდაბანდებას. ასე მაგალითად, უფრო მეტ აქცენტს აკეთებენ შედარებით განუვითარებელ რეგიონებზე და განვითარებად ინდუსტრიებზე, გათვლა აქვთ უფრო ხანგრძლივ პერიოდზე და ზოგადად, უფრო მეტი რისკის ასაღებად არიან მზად, ვიდრე ტრადიციული ინვესტორები.

როგორც ირკვევა, გავლენის ფონდებისთვის პრიორიტეტულია ენერგეტიკის, ფინანსური სერვისების, ინდუსტრიის, მასალების წარმოების, უძრავი ქონების და კომუნალური სერვისების მიმართულება. 

 

სტატია და სიუჟეტი მომზადდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "ბიზნეს ფორმულა" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის (EU), კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) შეხედულებებს.

 

პროექტს “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).