LIVE

ახლო აღმოსავლეთში McDonald’s-ის და Starbucks-ის გაყიდვები შემცირდა

06 თებ 202415:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1589
ახლო აღმოსავლეთში McDonald’s-ის და Starbucks-ის გაყიდვები შემცირდა

აშშ-ს ორმა უმსხვილესმა კომპანიამ, McDonald's-მა და Starbucks-მა განაცხადეს, რომ ისრაელ-ჰამასის ომი მათი გასული წლის ბოლო სამი თვის გაყიდვებზე უარყოფითად აისახა.

McDonald's აქციები ორშაბათს თითქმის 4%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში გაყიდვების გაუარესებამ საერთო შემოსავლები შეამცირა. სამშაბათის შემდეგ, 2%-ით დაეცა Starbucks-ის აქციებიც. კომპანია აცხადებს, რომ ომის გავლენით გასული წლის ბოლო კვარტალში გაყიდვები აშშ-შიც შეუმცირდა.

Starbucks-ი ბოიკოტის სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც ქსელის რესტორნების გაერთიანებამ, Starbucks Workers United-მა პალესტინას მხარი ღიად დაუჭირა. Starbucks-ი ამ განცხადებისგან დისტანცირებას შეეცადა და გაერთიანებას სავაჭრო ნიშნის დარღვევისთვის უჩივლა.

McDonald’s-ის გაყიდვები მას შემდეგ შემცირდა, რაც მისმა ლიცენზირებულმა წარმომადგენელმა ისრაელში ჯარისკაცებს ფასდაკლებები შესთავაზე. კომპანიის მიმართ პროტესტი იმ მომხმარებლებმა გამოთქვეს, რომლებიც ღაზაზე ქვეყნის შეტევებს გმობს.

McDonald’s-ის აღმასრულებელი დირექტორის, კრის კემპჩინსკის განცხადებით, შემცირებული გაყიდვები ახლო აღმოსავლეთის გარდა, ისეთ მუსლიმურ ქვეყნებში შეინიშნებოდა, როგორებიცაა მალაიზია და ინდონეზია. გაყიდვები შემცირდა საფრანგეთშიც, სადაც ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი რაოდენობის მუსლიმი მოსახლეობაა.

კომპანია ომის დასრულებამდევე ახლო აღმოსავლეთში გაყიდვების აღდგენას არ ელის.

აღსანიშნავია, რომ ახლო აღმოსავლეთში ბოიკოტი გამოუცხადეს სხვა დასავლურ სარესტორნო ქსელებს, მათ შორის: Dominos’s Pizza-ს, Papa John’s-ს, Burger King-ს, Pizza Hut-ს.