LIVE

კალაძე: ახალი გზა გაკეთდება, რომელიც ბაგებს ქავთარაძის ქუჩასთან დააკავშირებს

05 თებ 202412:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 557
კალაძე: ახალი გზა გაკეთდება, რომელიც ბაგებს ქავთარაძის ქუჩასთან დააკავშირებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მომდევნო ეტაპზე გადავიდა. ხიდზე ლითონის მალის ნაშენის გადაცურების სამუშაოები და ბურჯებზე დამონტაჟების პროცესი დასრულდა. 

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. კალაძის განცხადებით, ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარედ დაგეგმილია ახალი გზის მშენებლობა, რომელიც ბაგებს ქავთარაძის ქუჩასთან დააკავშირებს.

„ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის - ახალი ხიდი, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩას და ბაგების დასახლებას დააკავშირებს. სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, ხიდი უკვე ბურჯებზე დგას. გარკვეული დრო დასჭირდა ამ სამუშაოებს, რადგან ძალიან დიდი სიფრთხილით მიმდინარეობდა. შესაბამისი ექსპერტები აკვირდებოდნენ ამ ყველაფერს. აპრილში უნდა დასრულდეს პროექტი. ხიდი ოთხზოლიანი იქნება, ასევე ახალი მისასვლელი ეწყობა ბაგების გზაზე, თავისი წრიულით. ეს სამუშაოები ცოტა ადრე დამთავრდება, თუმცა მთლიანობაში პროექტი აპრილში დასრულდება. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს ახალი გზის მშენებლობა, რომელიც ქავთარაძის ქუჩას დააკავშირებს ბაგებთან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამ დროისთვის, რკინა-ბეტონის ფილების მონტაჟი  და საიზოლაციო სამუშაოები იწყება. ასევე, უახლოეს პერიოდში მოაჯირები მოეწყობა. ბოლო ეტაპზე, სახიდე გადასასვლელზე ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა გარე განათების ქსელი.