LIVE

ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა

29 იან 202417:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 265
ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა.

„დღეს მე ვტოვებ პრემიერმინისტრის თანამდებობას. ნება მომეცით, მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზი. გასული წლის ბოლოს საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი 3-წლიანი საქმიანობის შესახებ. მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში დავიწყე. მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს და მე ვამაყობ შედეგებით, რომელსაც ამ პერიოდში, გუნდთან ერთად მივაღწიე. ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა. ჯამში, ყველაზე მეტხანს, 5 წელი ვიყავი პრემიერმინისტრი. ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციის პრინციპი. გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა.

ახალი ამოცანების წინაშე ვართ, შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და ქართული ოცნება უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად და გავაგრძელოთ წინსვლა სხვა უფრო დიდი მიზნების მისაღწევად.

ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა, ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს. არ დაგიმალავთ, რომ პოლიტსაბჭოში განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ზაფხულში, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.

ირაკლი ღარიბაშვილი პირველად პრემიერმინისტრად 2013 წელს დაინიშნა, თუმცა, ორ წელში, 2015 წელს თანამდებობა დატოვა. ღარიბაშვილი პოლიტიკაში 2019 წელს დაბრუნდა, როგორც „ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი და პოლიტსაბჭოს წევრი. 2019-2021 წლებში იკავებდა თავდაცვის მინისტრის თანამდებობას, ხოლო 2021 წლის 22 თებერვლიდან პრემიერმინისტრად დაინიშნა.