LIVE

Avon-ს რუსეთში საქმიანობის გაგრძელებისთვის აკრიტიკებენ

28 იან 202412:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 214
Avon-ს რუსეთში საქმიანობის გაგრძელებისთვის აკრიტიკებენ

სილამაზისა და თავის მოვლის პროდუქტების კომპანია Avon-ს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთში საქმიანობის გაგრძელების გამო აკრიტიკებენ.

უცხოური მედიის ცნობით, კომპანია რუსეთში როგორც წარმოებას, ისე ახალი გაყიდვების აგენტების აყვანას განაგრძობს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, Avon-მა რუსეთში ინვესტიციებისა და ქვეყნიდან პროდუქციის სხვა ქვეყნებში, მათ შორის, უკრაინაში ექსპორტის შეწყვეტის შესახებ გაავრცელა განცხადება. Avon-ის მშობელმა კომპანიამ, Natura & Co-მა კი განაცხადა, რომ ადგილობრივი მომსახურება მხოლოდ არსებული გაყიდვების აგენტების მხარდასაჭერად შენარჩუნდებოდა.

„რუსეთში პროდუქციაზე წვდომის შეზღუდვა დიდ გავლენას მოახდენს ქალებსა და ბავშვებზე, რომლებიც ფინანსურად დამოკიდებულები არიან ამ საქმიანობაზე“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კომპანიამ ახალი გაყიდვების აგენტების აყვანა განაგრძო. კომპანიის შეთავაზება რუსეთის 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს დასაქმების შესაძლებლობას, საჩუქრებსა და ფულად პრემიებს სთავაზობს.

სტივენ თიანი, Yale-ის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის წევრი, რომელიც უკრაინის ომის შემდეგ კომპანიების რეაგირებას აკვირდება, აცხადებს, რომ ასეთ კომპანიებს არ აქვთ გამართლება, რადგან „პუტინის ომის მანქანას აფინანსებენ“.

მარკ დიქსონი, ბრიტანეთში დაარსებული Moral Rating Agency-ს დამფუძნებელი, რომელიც ასევე უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ბაზარზე დარჩენილი კომპანიების წინააღმდეგ გამოდის, Avon-ს აკრიტიკებს. მისი თქმით, მიუღებელია კომპანია რჩებოდეს ბაზარზე, როდესაც მშობელი კომპანია შეშფოთებას გამოთქვამს ომისა და აგრესიის წინააღმდეგ.

Avon-ი რუსეთში 1990-იანი წლებიდან ოპერირებს. კომპანიამ მოსკოვის რაიონში Naro-Fominsk-ის საწარმო 2004 წელ გახსნა, სადაც დღემდე 220 სახეობის კოსმეტიკური პროდუქტი და სუნამო იწარმოება. კომპანიის განცხადებით ეს საწარმო, ახლა ექსკლუზიურად რუსეთის ბაზარს ემსახურება.

რუსეთი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი სარეალიზაციო ბაზარია. თუმცა მშობელი ბრაზილიური კომპანიის Natura & Co-ს ადრინდელი განცხადების მიხედვით, კომპანიის რუსეთის ბაზარზე დარჩენა „არანაირ ფინანსურ მოგებას“ არ უკავშირდება. კომპანიამ გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ Avon International-ის გაყიდვები წლიურად 11,8%-ით არის შემცირებული, რაზეც უკრაინის ომმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

1886 წელს ნიუ-იორკში დაარსებული Avon-ი Natura & Co-მ 2020 წელს შეისყიდა.