LIVE

SEC-მა ბიტკოინის ETF-ებს მწვანე შუქი აუნთო - რა ელის უმსხვილეს კრიპტოვალუტას

11 იან 202403:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 328
SEC-მა ბიტკოინის ETF-ებს მწვანე შუქი აუნთო - რა ელის უმსხვილეს კრიპტოვალუტას
აშშ-ს ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიამ (SEC), ისტორიაში პირველად, გაცვლით სავაჭრო ფონდებს (ETF) ბიტკოინში პირდაპირ ინვესტირების ნება დართო. შედეგად, ბიტკოინის ფასმა ხუთშაბათს, გამთენიისას, 46 900 დოლარს გადააჭარბა. 
 
ეს გადაწყვეტილება ციფრული აქტივების $1.7 ტრილიონიანი ინდუსტრიისთვის ისტორიულია, რამდენადაც უმსხვილეს კრიპტოვალუტას, ბიტკოინს, უოლ სტრიტისკენ მიმავალ გზას უხსნის და ტრადიციულ ფინანსებთან უკეთ ინტეგრირების შანსს აძლევს. ეს კი, თავის მხრივ, ტრადიციული ინვესტორების მოზიდვასაც ნიშნავს, რადგან ინსტიტუციურ თუ საცალო ინვესტორებს საშუალება ექნებათ, ბიტკოინში ინვესტირება ისე განახორციელონ, რომ მას პირდაპირ არ ფლობდნენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ETF-ის გავლით ბიტკოინში ინვესტირება და ამ გზით საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიცირება მარტივდება. 
 
ამ ფონზე, მოსალოდნელია, რომ Grayscale Bitcoin Trust, რომელიც $29 მილიარდის კრიპტოვალუტას მართავს და რომელმაც კომისიას შარშან სწორედ ბიტკოინის ETF-ების დაშვებასთან დაკავშირებული დავა მოუგო, გაცვლით სავაჭრო ფონდად გარდაიქმნება. სავარაუდოდ, ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამენ სხვა ძირითადი მოთამაშეებიც: BlackRock-ის iShares, ასევე Fidelity. ავტორიზებულ აპლიკანტებს შორის არიან Ark Investments, 21Shares, Invesco და VanEck-იც.
 
Standard Chartered-ის ანალიზის თანახმად, ბიტკოინის ETF-ებს აქვთ შანსი, რომ წელს $50 მილიარდიდან $100 მილიარდამდე თანხა მოიზიდონ, რამაც, თავის მხრივ, უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი, შესაძლოა, $100 000-მდე გაზარდოს. ალტერნატიული პროგნოზებით $55 მილიარდის აკუმულირება ხუთწლიან პერიოდზეა ნავარაუდევი. 
 
SEC-ის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან მალევე, ბიტკოინის ფასი 1%-ით გაიზარდა და $46,500 ნიშნულთან ახლოს ივაჭრებოდა. ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ფასი უკვე დაკორექტირდა კომისიის გადაწყვეტილების მოლოდინში. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ გასულ თვეებში უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი თითქმის 70%-ით გაიზარდა და 2022 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. 
 
აღსანიშნავია, რომ SEC ამ გადაწყვეტილებამდე 10 წელზე მეტი ხნის  განმავლობაში მიდიოდა და მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, მარეგულირებელი ბიტკოინს მაინც არ ენდობა.
 
“მართალია, დღეს დავუშვით ბიტკოინის რიგი სავაჭრო გაცვლითი პროდუქტების ლისტინგი და ტრეიდინგი, თუმცა არ მივესალმებით და მხარს არ ვუჭერთ ბიტკოინს. ინვესტორებმა სიფრთხილე უნდა შეინარჩუნონ იმ მრავალ რისკთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ბიტკოინს და იმ პროდუქტებს, რომელთა ღირებულება მიბმულია კრიპტოვალუტაზე",- განაცხადა ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიის თავმჯდომარემ, გერი გენსლერმა, რომელიც კრიპტო-სკეპტიციზმით გამოირჩევა.
 
აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის გაცვლითი სავაჭრო ფონდები კომისიამ მას შემდეგ დაუშვა, რაც გასული წელი ინდუსტრიის ლიდერების მიმართ დაწყებული საგამოძიებო ქმედებებით იყო გამორჩეული. მათ შორის, FTX-ის დამფუძნებლის, სემ ბანკმენ-ფრიდის და Binance-ის დამფუძნებლის, ჩანგპენ ჟაოს მიმართ.