LIVE

ბანკმენ-ფრიდი თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს

03 ნოე 202310:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 660
ბანკმენ-ფრიდი თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს

კრიპტოს მეფედ წოდებული, სემ ბანკმენ-ფრიდი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში, რომელმაც კრიპტობირჟა FTX-ის კოლაფსი გამოიწვია.

გადაწყვეტილება ნიუ-იორკში გამართულ ერთთვიან სასამართლო პროცესს მოჰყვა, რომელშიც ბანკმენ-ფრიდის ჩვენებები ზოგიერთ მის უახლოეს მეგობარსაც კი დაუპირისპირდა.

კერძოდ, ნაფიცმა მსაჯულებმა ბანკმენ-ფრიდი დამნაშავედ ცნეს თაღლითობისა და შეთქმულების შვიდ ბრალდებაში. 31 წლის ყოფილი მილიარდერს ყოველ მძიმე ბრალდებაზე 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მოსამართლემ განაჩენის გამოტანის თარიღი მარტში დანიშნა.

რა დაემართა FTX-ს?

FTX-მა თავი დაიმკვიდრა, როგორც მარტივმა და უსაფრთხო პლატფორმამ კრიპტოვალუტით ვაჭრობაში. კომპანია შემოსავალს მომხმარებელთა გადასახადებისგან იღებდა. 2021 წელს ციფრული აქტივების შეფასების ზრდასთან ერთად, FTX-ის პროფილიც გაიზარდა. კომპანიამ მალე პიკს, $30 მილიარდიან კერძო შეფასებას მიაღწია.

თუმცა 2022 წელს დაიწყო კრიპტო ბაზრის რყევა, რამაც მთლიანი ინდუსტრიის $3 ტრილიონიანი ღირებულება $1 ტრილიონამდე შეამცირა. უკვე ნოემბერში შეირყა FTX-ის სტაბილურობაც და სულ რაღაც ერთ კვირაში სრულად ჩამოიშალა.

ინვესტორებსა და მომხმარებლებს შორის ატყდა პანიკა კრიპტო საინფორმაციო საიტის, Coindesk-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც კითხვებს აჩენდა FTX-სა და Alameda-ს შორის ფინანსური კავშირების შესახებ. ბანკმენ-ფრიდის მიერ დაარსებულ ბიზნესებს საერთო თითქოს არაფერი უნდა ჰქონოდათ, თუმცა მალევე ნათელი გახდა მათ შორის მჭიდრო ფინანსური კავშირების შესახებ. 

Coindesk-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ნათელი გახდა, რომ Alameda-ს აქტივების დიდი ნაწილს FTT შეადგენდა. FTT ციფრული ტოკენია, რომელიც FTX-მა შექმნა. ტოკენი სწრაფად კარგავდა ღირებულებას, რაც Alameda-ს ფინანსურ მდგომარეობას აუარესებდა.

შედეგად, მომხმარებლებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს FTX-დან თანხების გამოტანა, რამაც კომპანიაში $8 მილიარდიანი დეფიციტი გამოიწვია. 11 ნოემბერს კომპანიამ გაკოტრება გამოაცხადა, ბანკმენ-ფრიდმა კი აღმასრულებლის პოზიცია დატოვა. იგი საბოლოოდ, დეკემბერში ბაჰამის კუნძულებზე თაღლითობისა და შეთქმულების ბრალდებით დააკავეს, იანვარში კი მისი ექსტრადირება აშშ-ში მოხდა.