LIVE

საქართველოს ფოსტა: ტარიფების ზრდა საბაზრო პირობებითაა განპირობებული

09 იან 202412:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 350
საქართველოს ფოსტა: ტარიფების ზრდა საბაზრო პირობებითაა განპირობებული

საქართველოს ფოსტის განცხადებით, ამანათების გაგზავნის ტარიფების ზრდა საბაზრო ეკონომიკური პირობებით, იმ ინვესტიციებითა და კაპიტალური ხარჯებითაა განპირობებული, რაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფოსტო მომსახურებისთვის არის საჭირო.

ამასთან, ზოგიერთი მიმართულებით ტარიფის 100%-ზე მეტად მატების მიუხედავად, ფოსტაში ირწმუნებიან, რომ ფასები საშუალოდ 15%-ით გაიზარდა.

ტარიფების ზრდა საშუალოდ 15%-ით მოხდა, რაც განპირობებულია საბაზრო ეკონომიკური პირობებით და იმ ინვესტიციებითა და კაპიტალური ხარჯებით, რაც საჭიროა კარგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ხარისხიანი საფოსტო მომსახურების განხორციელებისა და უწყვეტობისთვის.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ფოსტა ბაზარზე კვლავ ყველაზე დაბალი ტარიფებით აგრძელებს ოპერირებას“, - აცხადებენ საქართველოს ფოსტაში.

5 იანვარს „ბიზნეს ფორმულასთვის“ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ფოსტამ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ამანათების გაგზავნა გააძვირა. როგორც ფოსტის ცხელ ხაზზე გვითხრეს, განახლებული ტარიფები 3 იანვრიდან ამოქმედდა. ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით ფოსტას თავდაპირველად საჯარო ინფორმაცია არ გაუვრცელებია და არც მომხმარებლები გაუფრთხილებია. 

არაერთი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ფოსტის პრეს- სამსახურს ვერ დავუკავშირდით. ფოსტა საკითხს მხოლოდ მედიაში გაშუქების შემდეგ გამოეხმაურა და პირველი განცხადება დღეს, 9 იანვარს გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, 2 კილოგრამამდე ამანათის მისამართზე მიტანის განახლებული ტარიფი 19 ლარია, რაც აქამდე არსებულს (8.5 ლარი) 124%-ით აღემატება. ასევე გაიზარდა ამანათის ფოსტის სერვის ცენტრიდან გატანის საფასურიც და ახლა 14 ლარს შეადგენს. გაუქმდა მცირე პაკეტები და შესაბამისად, მინიმალური თანხა რომლის სანაცვლოდაც მომხმარებელი ამანათის გაგზავნას შეძლებს 14 ლარია.

გაზრდილია საერთაშორისო ტარიფებიც. მაგალითად, აშშ-ს მიმართულებით 1 კილოგრამი ამანათის საჰაერო გზით გაგზავნის ტარიფი 23 ლარით გაიზარდა და 185 ლარს შეადგენს. საბერძნეთის, პოლონეთის, იტალიის, თურქეთის მიმართულებით კი ახალი ტარიფი 152 ლარია.