LIVE

დღეიდან საპენსიო დანაზოგები კონსერვატიულ პორტფელში ბრუნდება

03 იან 202415:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 580
დღეიდან საპენსიო დანაზოგები კონსერვატიულ პორტფელში ბრუნდება

დღეიდან, 3 იანვრიდან საპენსიო დანაზოგების დიდი ნაწილი კვლავ კონსერვატიულ (დაბალრისკიან) პორტფელში ბრუნდება.

კერძოდ, იმ მონაწილეების აქტივები, რომლებსაც 2023 წლის 6 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე თავად არ აურჩევიათ სასურველი საინვესტიციო პორტფელი, დინამიკური და დაბალანსებული პორტფელებიდან, კონსერვატიულ პორტფელში ბრუნდება.

როგორც საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, მსგავსი არჩევანი დაახლოებით 20 ათასმა ადამიანმა გააკეთა, შესაბამისად, საპენსიო დანაზოგების დიდი ნაწილი კვლავ დაბალრისკიან პორტფელში იქნება განთავსებული.

თუმცა საპენსიო სქემის მონაწილეებს საშუალება ექნებათ თავად შეარჩიონ მათთვის სასურველი პორტფელი და შემდგომში ხელმეორედ არჩევანის გაკეთება 12 თვეში ერთხელ იქნება შესაძლებელი.

„კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, 2024 წლის 3 იანვრიდან იმ მონაწილეების დანაზოგები, რომლებსაც აქამდე არჩევანი არ გაუკეთებიათ, კვლავ კონსერვატიულ ანუ დაბალრისკიან პორტფელში ბრუნდება. თუმცა მონაწილეებს აქვთ საშუალება, რომ თავად შეაფასონ, თუ რა რისკიანობის პორტელი შეესაბამება მათ და დანაზოგებიც შესაბამის პორტფელში გადაიტანონ. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, რომ საკუთარი არჩევანი ელექტრონულადაც დააფიქსირონ. აქამდე ყველაზე მეტი, 900 ათასზე მეტი მონაწილის აქტივები დინამიკურ, მაღალრისკიან პორტფელში იყო განთავსებული. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ ადამიანს სასურველი პორტფელი არ ქონდა არჩეული, ამ ცვლილების შემდეგ, დანაზოგების დიდი ნაწილი კვლავ დაბალრისკიან პორტფელში ბრუნდება“,- განაცხადა საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ჭიჭინაძემ "ბიზნეს ფორმულასთან".

ცნობისთვის, 2023 წლის აგვისტოდან საპენსიო სააგენტო 3 სხვადასხვა შემოსავლიანობისა და რისკიანობის მქონე პორტფელებს მართავს, ესენია - კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური.

კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, 2024 წლის 3 იანვრიდან იმ მონაწილეების აქტივები, რომლებსაც არ აურჩევიათ სასურველი საინვესტიციო პორტფელი, 2028 წლამდე კვლავ კონსერვატიულ ანუ დაბალრისკიან პორტფელში იქნება განთავსებული.

2023 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ჯამურმა საპენსიო აქტივებმა 4.3 მილიარდ ლარს მიაღწია. საპენსიო სქემაში სულ 1 476 780 ადამიანია ჩართული. დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 6 929 მოქალაქემ უკვე ისარგებლა, პენსიის სახით გაცემული თანხა კი 20 811 344 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება საინვესტიციო საქმიანობის შედეგებს, 2023 წელს საინვესტიციო ამონაგებმა 401 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო სააგენტოს დაარსებიდან საპენსიო აქტივების ჯამური წმინდა ამონაგები 834 მილიონი ლარია. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, პროცენტულად, 5 წლის განმავლობაში, ნომინალურმა ამონაგებმა 57% შეადგინა, ხოლო ამავე პერიოდში, რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 13.3% იყო.