LIVE

GWP: ტარიფის ზრდა ამბიციური ინვესტირების საშუალებას მოგვცემს

28 დეკ 202314:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 471
GWP: ტარიფის ზრდა ამბიციური ინვესტირების საშუალებას მოგვცემს

GWP-ის გენერალური დირექტორის, ხოსე მიგელ სანტოსის განცხადებით, წყალმომარაგების არასაყოფაცხოვრებო ტარიფის ზრდა კომპანიას შესაძლებლობას მისცემს, რომ ამბიციური, 360 მილიონი ლარის საინვესტიციო გეგმა განახორციელოს. ამის შესახებ მან "ბიზნეს ფორმულასთან" განაცხადა. 

მისივე თქმით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ასობით ათასი კილომეტრის სისტემებს განაახლებს, რაც მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს წყლის მიწოდების ინფრასტრუქტურას.

"ტარიფის ზრდა ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს განვახორციელოთ  ამბიციური 360 მილიონი ლარის ინვესტირების გეგმა. ეს ფაქტობრივად გაორმაგებაა გასულ წლებთან შედარებით.

ამ გადმოსახედიდან ჩვენ შევძლებთ ასობით ათასი კილომეტრის სისტემები განვაახლოთ, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია წყლის მიწოდების ინფრასტრუქტურაში.

საყოფაცხოვრებო ტარიფის ფასების ზრდასაც ველოდით, თუმცა პატივს ვცემთ სემეკის გადაწყვეტილებას", - აცხადებს, GGU ჯგუფის და GWP-ის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, კომისია ყურადღებით დააკვირდება GWP-ის საქმიანობას, რომ გაზრდილი საინვესტიციო გეგმა მოსახლეობისთვის და კომერციული სექტორისთვის წყლის მიწოდების გაუმჯობესების ნაწილში აისახოს

შეგახსენებთ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილებით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“  წყალმომარაგების არასაყოფაცხოვრებო ტარიფები გაიზარდა. ტარიფების ზრდა კომპანიის მიერ დაგეგმილ ინვესტიციას უკავშირდება.  

სემეკის გადაწყვეტილების შესაბამისად, ქ. თბილისსა და ქ. მცხეთაში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი განისაზღვრა 8.807 ლარი/კუბ.მ-ით, ხოლო ქ რუსთავში - 6.500 ლარი/ კუბ.მ-ით.