LIVE

ივა ჭყონია: დიდგაბარიტიანი მანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვა პროდუქციას გააძვირებს

26 დეკ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 222
ივა ჭყონია: დიდგაბარიტიანი მანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვა პროდუქციას გააძვირებს

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციაში აცხადებენ, რომ თბილისში დიდგაბარიტიანი მანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესება პროდუქციას გააძვირებს.

როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, დილის საათებში სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის აკრძალვა კომპანიებს ხარჯებს გაუზრდის, რაც საბოლოოდ სამომხმარებლო პროდუქციის ფასებზეც აისახება.

ივა ჭყონიას განცხადებით, დარგის მოთხოვნაა, რომ საგამონაკლისო წესი სადისტრიბუციო მანქანებზე აგვისტოს შემდეგაც გავრცელდეს.

„ჩვენ ერთი თვის წინ თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურთან კომუნიკაცია გვქონდა და ხელმძღვანელ პირებს ავუხსენით, თუ რა პრობლემები შეიქმნება, თუკი დილის საათებში, 8-დან 11-მდე სადისტრიბუციო მანქანებისთვის მოძრაობა არ იქნება დასაშვები. ჩვენი დარგისთვის საგამონაკლისო წესი სექტემბრამდე ვრცელდება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს შემდეგ პერიოდზეც გავრცელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიებს ხარჯები გაეზრდებათ, რადგან მათ მეტი მანქანა დასჭირდებათ, რაც მეტ საწვავს და ხელფასს და მეტ ამორტიზაციას ნიშნავს. ჩვენი ასოციაციის წევრ კომპანიებთან გვქონდა კომუნიკაცია და მათი ინფორმაციით, დილის საათებში გადაადგილებაზე აკრძალვა პროდუქციას 10-20%-ის ფარგლებში გააძვირებს“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

ცნობისთვის, 2024 წლის 1 იანვრიდან დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილება იზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში იმოქმედებს.

იმოქმედებს გარკვეული გამონაკლისი შემთხვევებიც. მათ შორის, რეგულაცია არ ვრცელდება სადისტრიბუციო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში. თუმცა აღნიშნული კატეგორიისთვის გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ 2024 წლის პირველ სექტემბრამდე.