LIVE

1 იანვრიდან თბილისში გარკვეულ საათებში დიდგაბარიტიანი ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება

20 დეკ 202313:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 267
1 იანვრიდან თბილისში გარკვეულ საათებში დიდგაბარიტიანი ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესებას ითვალისწინებს.

კალაძის თქმით, 1 იანვრიდან, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება 08:00-11:00 საათებში და 17:00-20:00 საათების შუალედში შეზღუდული იქნება.

„აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან“ და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ მათი თხოვნები, შესაძლებლობები, შევაჯერეთ პოზიციები და მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომელიც არ დააზარალებს არც კერძო სექტორს და თავისი მხრივ, დადებით გავლენას იქონიებს ქალაქში გადაადგილებაზე, განსაკუთრებით პიკის საათებში. ეს წესი ამოქმედდება 2024 წლის 1-ელი იანვრიდან“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შეზღუდვა შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში არ იმოქმედებს.

„მოძრაობა აიკრძალება მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათს და კვირას, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში და აგვისტოში. ვფიქრობთ, აგვისტო იყოს გადაადგილებისთვის თავისუფალი, რადგან, როგორც წესი, ამ პერიოდში ქალაქი შედარებით თავისუფალია, მოსახლეობა გადის დასასვენებლად და ამიტომ, ეს გამონაკლისი შესაძლებელია რომ დაშვებულ იქნას“ - აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, არის გამონაკლისი შემთხვევები, რაზეც რეგულაცია არ გავრცელდება.

„რეგულაცია არ გავრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, საავარიო, სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო და  საევაკუაციო ტრანსპორტზე. ასევე, მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე, მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე, ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე, ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე. ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში; ასევე, გამონაკლისი დაიშვება სადისტრიბუციო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში. აღნიშნული კატეგორიისთვის ეს გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ 2024 წლის პირველ სექტემბრამდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნული წესის დარღვევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები დაჯარიმდებიან 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე 3 000 ლარის ოდენობით.