LIVE

მედიკამენტები ზოგ შემთხვევაში 3000%-იანი ფასნამატით იყიდება - სამინისტრო

19 დეკ 202312:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 434
მედიკამენტები ზოგ შემთხვევაში 3000%-იანი ფასნამატით იყიდება - სამინისტრო

მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების თანახმად, მედიკამენტებს, დიდ ფარმაცევტულ ქსელებში, თითქმის, იდენტური ფასი აქვს, რაც შეთანხმების ეჭვს აჩენს.

"ჭარბი ფასნამატი და ფასების ერთმანეთთან თანხვედრა, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას", - ნათქვამია განცხადებაში. 

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მათთვის წამლების ფასის ხელოვნური ზრდა მიუღებელია და აზარალებს მოქალაქეებს.

"ნათელია, რომ მედიკამენტებზე არ ხდება თავისუფალი ფასწარმოქმნა, ბაზარზე მოქმედ დიდ ეკონომიკურ აგენტებს შორის, შეთანხმების საფუძველზე კი - იზღუდება ჯანსაღი კონკურენცია.

მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ, წარმოებული საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს", - ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადების თანახმად, საკითხის შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს, რომელსაც ყველა საჭირო დოკუმენტს გადასცემს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ მედიკამენტებზე, უახლოეს მომავალში, სახელმწიფო სამართლიან, რეფერენტულ ფასებს (ფასის ზედა ზღვარს) დააწესებს, რომელზე მაღალ ფასადაც მათი გაყიდვა აიკრძალება.