LIVE

არსი: კადრების დეფიციტი მწვავდება, კომპანიების ნაწილს მუშახელი უცხოეთიდან შემოჰყავს

15 დეკ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 307
არსი: კადრების დეფიციტი მწვავდება, კომპანიების ნაწილს მუშახელი უცხოეთიდან შემოჰყავს

დეველოპერული სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დარგში კადრების დეფიციტის პრობლემა სულ უფრო მწვავდება, რის გამოც კომპანიების ნაწილმა უკვე აქტიურად დაიწყო უცხოეთიდან მუშახელის შემოყვანა.

როგორც „არსის“ გენერალურმა დირექტორმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, რეკორდულად გაზრდილი სამშენებლო ნებართვების ფონზე, მომავალში მუშახელის სიმცირე სექტორისთვის უფრო პრობლემური გახდება. სწორედ ამიტომ კომპანიაში მიაჩნიათ, რომ შემდგომ პერიოდში ქვეყანაში უფრო მეტი კადრის შემოყვანა გახდება საჭირო.

რაც შეეხება სამშენებლო სექტორში არსებულ ხელფასებს, ბესო ორთოიძის განცხადებით, მიმდინარე წელს დარგში ხელფასები საშუალოდ 35%-ითაა გაზრდილი, თუმცა მისი თქმით, მომავალში მსგავსი მოცულობით ანაზღაურების მატება ვეღარ მოხერხდება.

„წლიდან წლამდე სამშენებლო სექტორში კადრების დეფიციტის პრობლემა სულ უფრო მწვავდება. წელს დარგში ნებართვები რეკორდულადაა გაზრდილი, თუმცა ამხელა მოცულობის ამშენებელი ფიზიკური რესურსი დღეს ქვეყანაში არ არსებობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დამატებითი ადამიანური რესურსი სხვა ქვეყნებიდან უნდა შემოვიდეს, ანდაც ეს პროექტები დროში გადავადდება. მათ შორის კადრების დეფიციტის გადასაჭრელად, წელს სექტორში ხელფასები საშუალოდ 35%-ითაა გაზრდილი, რაც საბოლოოდ გასაყიდი ბინების ფასზეც აისახა. თუმცა ანაზღაურების მსგავსი ტემპით ზრდა მომავალში ვეღარ გაგრძელდება. კომპანიების ნაწილს კადრები უკვე უცხოეთიდან  შემოჰყავს და არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, სამომავლოდ უფრო მეტი მუშახელის შემოყვანა გახდება საჭირო“,- განაცხადა ბესო ორთოიძემ.

ცნობისთვის, ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგებში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემა მზარდ ტენდენციად ჩამოყალიბდა. გამოკითხული კომპანიების თანახმად, კიდევ უფრო გამწვავდა კადრების დეფიციტის პრობლემა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან ხელის შემშლელ ფაქტორად მიიჩნევა ბოლო რამდენიმე კვარტალია.