LIVE

მონოლით ჯგუფი: წელს მიგრანტების მხრიდან ბინებზე მოთხოვნაც შემცირდა

17 დეკ 202315:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 335
მონოლით ჯგუფი: წელს მიგრანტების მხრიდან ბინებზე მოთხოვნაც შემცირდა

უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირების მიუხედავად, დეველოპერული კომპანიების ნაწილში გასაყიდ ბინებზე ფასების კლებას არ ელიან.

როგორც კომპანია „მონოლით ჯგუფში“ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადეს, ბოლო თვეების განმავლობაში უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის ტენდენციის გაგრძელება გაძვირებულ სამშენებლო მასალებს და სექტორში გაზრდილ ხელფასებს უკავშირდება. შესაბამისად, კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მშენებლობის გაზრდილი თვითღირებულების პირობებში, უახლოეს ხანებში უძრავი ქონების გაიაფება მოსალოდნელი არაა.  

რაც შეეხება, საცხოვრებელი ბინების გაყიდვების კლებას, კომპანიის დირექტორი, თორნიკე მაისურაძე ამ ფაქტს მიგრაციის ეფექტის ამოწურვას უკავშირებს.

“წელს მიგრაციული ნაკადები შემცირებულია, შესაბამისად, მიგრანტების მხრიდან ბინებზე მოთხოვნაც შემცირდა. სწორედ ამითაა განპირობებული უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების კლება. რაც შეეხება ფასებს, აქ დინამიურობა ნარჩუნდება, რადგან წელს მნიშვნელოვნადაა მშენებლობის თვითღირებულება გაზრდილი. ვფიქრობთ, უახლოეს ხანებში უძრავი ქონების ბაზარზე ფასებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ, როგორც კლების, ასევე ზრდის მიმართულებით. რაც შეეხება მოთხოვნას, ვფიქრობთ, ის თავის ბუნებრივ ნიშნულს უბრუნდება“, - განაცხადა თორნიკე მაისურაძემ.

ცნობისთვის, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა კვლავ მცირდება. თბილისში 2023 წლის ნოემბერში 3 390 ბინა გაიყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტრანზაქციები 16%-ით შემცირდა. ბაზრის ზომამ კი 7%-ით, 215 მილიონ აშშ დოლარამდე იკლო.    

პარალელურად კი ფასები კვლავ მზარდია და ახალაშენებული ბინების საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 17%-ით გაიზარდა თბილისის გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 13%-იანი და 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა.