თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი იზრდება. "თბილისი ენერჯის“ განცხადებით, პირველი იანვრიდან, ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი 1.24 ლარის ნაცვლად 1.29 ლარი იქნება.
როგორც კომპანიაში "ბიზნეს ფორმულას“ განუცხადეს, გადაწყვეტილება ბაზარზე არსებულ მოცემულობას უკავშირდება. კერძოდ, პირველი იანვრიდან "თბილისი ენერჯისთვის“ მომწოდებელი კომპანიის მხრიდან შესასყიდი გაზის ფასი იზრდება.
„ტარიფის ძირითადი მდგენელი გაზის იმპორტირებული გაზის ფასია. შესაბამისად, ცხადია დამოკიდებულები ვართ მომწოდებლებზე. როდესაც ისინი ფასს აკორექტირებენ ჩვენც ამას მივყვებით. ამ შემთხვევაშიც სწორედ ამასთან გვაქვს საქმე. გვეცნობა, რომ პირველი იანვრიდან "თბილისი ენერჯისთვის“ შესასყიდი ბუნებრივი აირის ფასი, საუბარია არასაყოფაცხოვრებო გაზზე, გაძვირდება. შესაბამისად, იძულებული ვართ, რომ ამავე რაოდენობით დავაკონვერტიროთ და ავსახოთ გაზის ტარიფში. კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 5 თეთრით გაიზრდება“,- აცხადებს "თბილისი ენერჯის“ კომერციული დირექტორი ედიშერ ხორავა.
მისივე ინფორმაციით, გაზრდილი გაზის ტარიფი შეეხება თბილისში არსებულ პურის საწარმოებსაც.
„გარკვეული წლების განმავლობაში "თბილისი ენერჯი“ საკუთარი სახსრებით აფინანსებდა სუბსიდიას და პურის საწარმოები შეღავათიანი ტარიფით სარგებლობდნენ, თუმცა ჩვენ ეს ტარიფი გავათანაბრეთ. როგორც სხვა, ისე პურის საწარმოებსაც ერთნაირი ტარიფი აქვთ, შესაბამისად, ეს კონკრეტული ზრდა შეეხება ყველა ბიზნესს, მათ შორის პურის საწარმოებსაც“,- განაცხადა, "თბილისი ენერჯის“ კომერციულმა დირექტორმა.
ცნობისთვის, კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ფასი იზრდება რეგიონებშიც. „სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადებით, პირველი იანვრიდან ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი 1.25 ლარის ნაცვლად 1.29 ლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში ტარიფი უცვლელი დარჩება მხოლოდ იმ პურის მწარმოებელი კომპანიებისთვის, რომლებიც ხორბლის ფქვილის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით სარგებლობენ.
თბილისშიც და რეგიონებშიც უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო გაზის ტარიფი, რომელიც სემეკის მიერ არის დადგენილი.