რეგიონებში კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი იზრდება. „სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადებით, პირველი იანვრიდან ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი 1.25 ლარის ნაცვლად 1.29 ლარი იქნება.
როგორც კომპანიაში "ბიზნეს ფორმულას" განუცხადეს, გადაწყვეტილება ბაზარზე არსებულ მოცემულობას უკავშირდება.
„სოკარ ჯორჯია გაზის და საქორგაზის კომერციული აბონენტებისთვის, პირველი იანვრიდან, ბუნებრივი გაზი 4 თეთრით გაძვირდება. ჩვენთან ფასი ძირითადად საბაზრო მოცემულობიდან გამომდინარე იცვლება. გაზის ტარიფი უცვლელი დარჩება მხოლოდ იმ პურის მწარმოებელი კომპანიებისთვის, რომლებიც ხორბლის ფქვილის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით სარგებლობენ“,- აცხადებენ კომპანიაში და განმარტავენ, რომ უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო გაზის ტარიფი, რომელიც სემეკის მიერ არის დადგენილი.