ეკონომიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მოლოდინია, რომ წელს საქართველოს IT მომსახურების ექსპორტი 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.
მისივე თქმით, სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.
„საქართველოში IT სექტორის განვითარებამ, ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წარმატების მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. სექტორი საკმაოდ სწრაფად ვითარდება. რა თქმა უნდა, ეს კომპლექსური პოლიტიკის შედეგია. ამაში მოიაზრება წამახალისებელი საგადასახადო რეჟიმი, სხვადასხვა შეღავათები და სპეციალური რეჟიმი, რომელიც საერთაშორისო IT კომპანიებისთვის გვაქვს.
სექტორი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩანასახოვან მდგომარეობაში იყო, დღეს ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. რამდენიმე რიცხვი მინდა გაგიზიაროთ. 2022 წელს დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარამდე იყო IT მომსახურების სფეროდან ექსპორტი. ჩვენი მოლოდინია, რომ წელს ეს რიცხვი 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, მაშინ, როდესაც 2019 წელს მთლიანად 50 მილიონი იყო ამ სექტორის გამოშვება. შესაბამისად, პროგრესი ნათელია და ძირითადად ეს არის უცხოური ინვესტიციების შედეგი, თუმცა რა თქმა უნდა, უცხოური ინვესტიციები ეხმარება ადგილზე სხვადასხვა დარგის გაძლიერებასა და ზრდას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.