
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 4 დეკემბრიდან ოქროს სერტიფიკატებისა და ოქროს ზოდების გაყიდვა დაიწყო.
როგორც "ბიზნეს ფორმულას" სებ-ში განუცხადეს, ამ დროისთვის, ჯამში 57 ერთეულია გაყიდული. აქედან 56 ცალი - 20 გრამიანი, ხოლო 1 ცალი 1 კილოგრამიანი ზოდია.
როგორც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა.
"გავითვალისწინეთ, რომ მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა ოქროზე, როგორც საინვესტიციო რესურსზე. საქართველოში მომხმარებელს შევთავაზეთ, ორი ტიპის პროდუქტი - ზოდები და სერტიფიკატები. გაყიდვა გუშინ დავიწყეთ და მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა",- აღნიშნა ნათია თურნავამ.
ოქროს სერტიფიკატებიც და ზოდებიც 20 გრამიანი და 1 კგ-იანი ნომინალისაა. ოქროს სერტიფიკატების შეძენა მომხმარებლებს კომერციულ ბანკებში შეუძლიათ. 20-გრამიანი ოქროს ზოდის შეძენა ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებითაა შესაძლებელი, 1-კილოგრამიანის კი - საკასო ცენტრიდან.
რაც შეეხება გასაყიდ რაოდენობას, ეროვნული ბანკი 100-100 ცალ 20-გრამიან სერტიფიკატსა და ზოდს, ასევე 10-10 ცალ 1-კილოგრამიან სერტიფიკატსა და ზოდს გაყიდის.
მაღალი სინჯის (AU 999,9) ოქროს ზოდები დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის, The Royal Mint-ის მიერაა დამზადებული.