LIVE

9 ენერგეტიკული საპილოტე პროექტის შესარჩევად USAID-ის მეორე კონკურსი გამოცხადდა

30 ნოე 202316:53
3 წუთის საკითხავი
clock clock 809
9 ენერგეტიკული საპილოტე პროექტის შესარჩევად USAID-ის მეორე კონკურსი გამოცხადდა

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამამ საქართველოში ენერგეტიკული საპილოტე პროექტების განსახორციელებლად მეორე კონკურსი გამოაცხადა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2023 წლის 7 დეკემბერია.

კონკურსის საშუალებით, მიმდინარე წელს, 9 პროექტი შეირჩევა, რომლებსაც პროგრამა კერძო სექტორთან თანამშრომლობით განახორციელებს. კერძოდ, პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია ტექნიკური, საკონსულტაციო ან/და მატერიალური მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის მატერიალური თანამონაწილეობა თითოეული საპილოტე პროექტის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი ინვესტიციის 50%-ს, რომელიც თანხობრივად არ უნდა იყოს 100 000 აშშ დოლარზე მეტი.

პროგრამა დაეხმარება იმ საპილოტე პროექტების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობენ მცირე და საშუალო მეწარმეებს ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებით და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვით შეამცირონ წარმოების ხარჯები. ენერგეტიკული საპილოტე პროექტის არეალი უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამის ძირითად მიმართულებებს, როგორებიცაა: ენერგოეფექტურობა, მოთხოვნის და ენერგიის მართვის სისტემები და დივერსიფიცირებული, მდგრადი, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება.

ცნობისთვის, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას ხელს შემდეგი გზებით უწყობს: (i) ეფექტიანი გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავება და მმართველობა; (ii) კერძო სექტორის ინვესტიციების წილის გაზრდა ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წარმოებაში (მათ შორის ქარის, მზის და ჰიდროენერგეტიკის ჩათვლით); (iii) საქართველოს ინსტიტუციების შესაძლებლობების განვითარება შიდა ენერგეტიკული ბაზრების ეფექტიანი და მდგრადი მართვისთვის და (v) კიბერსაფრთხეების მიმართ ენერგეტიკის სექტორის მდგრადობის გაუმჯობესება.