საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია, რომელიც საგადახდო მომსახურების სფეროში დავების განხილვის ალტერნატიული მექანიზმია, საქმიანობას 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან იწყებს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომისია უსასყიდლოდ განიხილავს საგადახდო მომსახურების მომხმარებლის მიერ კომერციული ბანკების (მათ შორის, ციფრული ბანკების), მიკრობანკების, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარს.
საჩივარი შეიძლება ეხებოდეს საგადახდო ბარათის, ინტერნეტ/მობაილ-ბანკის საშუალებით ან/და სხვა გზით განხორციელებულ არაავტორიზებულ (მომხმარებლის თანხმობის გარეშე განხორციელებულ), აგრეთვე არასწორად შესრულებულ გადახდის ოპერაციებს, მათი შესრულების ვადის დარღვევას, გადახდის ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და ელექტრონულ გადახდებთან დაკავშირებულ სხვა მსგავს შემთხვევას.
აღსანიშნავია, რომ გარდა დავის რომელიმე მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტისა, მხარეთა შეთანხმების გათვალისწინებით, კომისია დავას ასრულებს მორიგებითაც და კომისიის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა.
კომისია დავას განიხილავს არა უმეტეს 90 კალენდარულ დღეში. საქმის სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა, ვადა გაიზარდოს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით.
ცნობისთვის, კომისიის შექმნა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას უკავშირდება.