LIVE

რაჭის ტყის ხიდაშელისთვის გადაცემის 49-წლიანი ლიცენზია გაუქმდა

28 ნოე 202315:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 480
რაჭის ტყის ხიდაშელისთვის გადაცემის 49-წლიანი ლიცენზია გაუქმდა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გააუქმა ლიცენზია, რომლითაც ბიზნესმენ დავით ხიდაშელს რაჭაში სამონადირეო მეურნეობა 49 წლის ვადით ჰქონდა გადაცემული.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, მიზეზი სალიცენზიო ვალდებულებების შეუსრულებლობაა. აღსანიშნავია, რომ ვალდებულებებში შორის 5 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადებაც იყო.

"გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანიაზე შპს "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა" რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ 2022 წლის 23 მარტის N38/ს ბრძანება ძალადაკარგულად გამოაცხადა, შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გაცემული სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია (№000019) გაუქმდა.

კომპანიის "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას" მიერ სალიცენზიო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წლის მაისში იქნა შედგენილი. ლიცენზიების და ნებართვების კანონი, ისევე როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ითვალისწინებს გარკვეულ სამართლებრივ ქმედებებს, თუკი სახეზე არის ვალდებულებების შეუსრულებლობა.

აღნიშნულის საფუძველზე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების პროცესი დაიწყო. წარმოების ფარგლებში, სააგენტომ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები; დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით ჩატარდა ზეპირი მოსმენა, სადაც მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ, წარმოედგინათ მოსაზრებები და არგუმენტები სალიცენზიო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. განხილვის შედეგად, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია განვითარებაზე ორიენტირებული ყველა პროექტის მხარდაჭერა, თუმცა, შეთანხმებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ზომები იქნება მიღებული",- აცხადებენ სააგენტოში.

2022 წლის მარტში სახელმწიფომ რაჭაში, 104 712 ჰექტარ ტყეზე (რაჭის ტერიტორიის მესამედი და ქვეყნის ტერიტორიის 1.4%) სამონადირეო მეურნეობის მოწყობის 49-წლიანი ლიცენზია გასცა კომპანიაზე, რომლის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენი, დავით ხიდაშელია. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) თანახმად, ხიდაშელთან დადებული ამ გარიგების შედეგად, საქართველომ 2 მლნ ლარის შემოსავალი დაკარგა. ამასთან, ლიცენზია ისე გაიყიდა, რომ ადამიანები, რომლებიც ტყის სიახლოვეს ცხოვრობენ, ინფორმირებულნი არ ყოფილან. საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობასთან არასათანადო კომუნიკაციას მთავრობაშიც ადასტურებენ. ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით რაჭასა და თბილისში საპროტესტო აქციებიც გაიმართა.