LIVE

OPEC+-ის შეხვედრის გადადების ფონზე, ნავთობი გაიაფდა

23 ნოე 202312:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 290
OPEC+-ის შეხვედრის გადადების ფონზე, ნავთობი გაიაფდა

ოთხშაბათს ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც OPEC+-მა დაგეგმილი შეხვედრა გადადო. ეს ტრეიდერებმა მიიჩნიეს ნიშნად, რომ ჯგუფს უჭირს მიწოდების შემდგომი შემცირების შესახებ შეთანხმება.

კერძოდ, OPEC+-მა განაცხადა, რომ შეხვედრა, რომელზეც წევრებმა წარმოების გეგმა უნდა შეათანხმონ, 26 ნოემბრის ნაცვლად 30 ნოემბერს გადაინაცვლებს. გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა. ამ ფონზე, Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი თითქმის 5%-ით დაეცა, ხოლო West Texas Intermediate, აშშ-ის საორიენტაციო ფასი, 2.6%-ით, თუმცა მოგვიანებით ფასები კვლავ გაიზარდა და Brent-ის შემთხვევაში ბარელზე $81-ს, ხოლო WTI-ს ფასმა $76.6-ს მიაღწია.

ნაბიჯი უჩვეულოა, რადგან შეხვედრა დაემთხვევა გაეროს კლიმატის მოლაპარაკებების დაწყებას, რომელსაც OPEC+-ის წევრი არაბთა გაერთიანებული საამიროები მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ ნავთობის მწარმოებელი უდიდესი კარტელისთვის რთული პერიოდია, რამდენადაც გასული 12 თვის განმავლობაში წარმოების კლების მიუხედავად, ნავთობის ფასები პიკური მაჩვენებლიდან შემცირებულია. ქვეყნები თანხმდებიან, რომ ფასის მაღალ დონეზე დასაჭერად წარმოების შემცირებაა საჭირო, თუმცა უჭირთ შეთანხმება ცალკეული მწარმოებლების როლთან დაკავშირებით საერთო კლებაში. 

როგორც Financial Times წერს, კარტელი განიხილავს ნავთობის მოპოვების შემდგომ შემცირებას 1 მილიონ ბარელამდე დღეში, საუდის არაბეთი კი წარმოების არსებულ ნებაყოფლობით შემცირებას მინიმუმ პირველი კვარტლის ბოლომდე გაახანგრძლივებს.