LIVE

სამშენებლო ამნისტიის პროექტი მილიონზე მეტ ადამიანს შეეხება - იუსტიციის მინისტრი

20 ნოე 202316:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 432
სამშენებლო ამნისტიის პროექტი მილიონზე მეტ ადამიანს შეეხება - იუსტიციის მინისტრი

რატი ბრეგაძის განცხადებით, სამშენებლო ამნისტიის პროექტი მილიონზე მეტ ადამიანს შეეხება, რომლებიც საკუთარი მიწის ნაკვეთზე, თუმცა სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ სახლებში ცხოვრობენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა დღევანდელი მთავრობის სხდომის შემდეგ ისაუბრა.

იგი განმარტავს, რომ ამნისტია შეეხება როგორც უკვე აშენებულ, ისე იმ საცხოვრებელ სახლებს, რომლებიც 2024 წლის პირველ იანვრამდე აშენდება. ბრეგაძის თქმით, ამჟამად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწებზე არსებული საცხოვრებელი სახლები ჩაითვლება კანონიერად.

„ავტომატურად, ის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, რომლებიც ამჟამად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, ჩაითვლება კანონიერად. გარდა ამისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომლის ფარგლებშიც ჩვენი თანამშრომლები ატარებენ აზომვებს მიწის ნაკვეთებზე და შემდგომში ხდება მათი დარეგისტრირება. ამ [პროექტის] ფარგლებში რაც კი იქნება ნაპოვნი, ნებისმიერი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, ჩაითვლება კანონიერად.

შემდგომში ადამიანს, რა თქმა უნდა, შეეძლება, რომ განაახლოს საკუთარი ქონების ამონაწერი და ამ შემთხვევაში მას დასჭირდება ორი მეზობლის დასტური იმის შესახებ, რომ მის მფლობელობაში არსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი აშენებულია 2024 წლის პირველ იანვრამდე“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, ამნისტიის პროექტი ეხმიანება უკანონო მშენებლობების პრობლემასაც. ის აღნიშნავს, რომ შემდეგი წლის იანვრიდან საჯარო რეესტრში მხოლოდ წინასწარ გაცემული ნებართვისა და შეთანხმებული პროექტის საფუძველზე აშენებული სახლების რეგისტრაცია მოხდება. ამნისტიის პროექტი პარლამენტს წარედგინება.