სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის ახალი კვლევის თანახმად, ხელოვნურმა ინტელექტმა მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში შესაძლოა ქვეყანაში 4 მილიონ სამუშაო ადგილი ანუ მთლიანი ბაზრის 14%-ს ჩაანაცვლოს.
კვლევის ავტორების მიხედვით, AI უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს უმაღლესი აკადემიური გამოცდილების მქონე მაღალშემოსავლიანი პროფესიონალებისთვის. ხელოვნური ინტელექტი ძლიერდება ანალიტიკური და შემეცნებითი სამუშაოს მიმართულებით. შესაბამისად, ექიმები, იურისტები, ბუღალტრები და აქტივების მენეჯერები სამსახურის დაკარგვის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან ვიდრე, მაგალითად, რელიგიის, კვების მომსახურების, სწავლების ან მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეა ყოველდღიურ საქმიანობაში რობოტების გამოყენების მაჩვენებლით მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა. თუმცა მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტი ათვისება ქვეყანაში ჯერ კიდევ დაბალ დონეზეა.
ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს მსოფლიოში მზარდ შეშფოთებას ხელოვნური ინტელექტის მიერ სამუშაო ადგილების ჩანაცვლების შესახებ. მიმდინარე წლის აპრილში ამ თემაზე კვლევა გამოაქვეყნა საინვესტიციო ბანკმა Goldman Sachs-მა, რომლის მიხედვითაც AI 300 მილიონ სამუშაო ადგილს ჩაანაცვლებს.
კორეის ცენტრალური ბანკის კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ AI გაზრდის მოთხოვნას STEM განათლებაზე (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) და ისეთ უნარებზე, როგორებიცაა კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა.