
შოტლანდიური ბრენდის Macallan-ის 1926 წლის ვისკის ერთი ბოთლი აუქციონზე £2.1 მილიონად გაიყიდა. უიშვიათესი ვისკის ბოთლის ფასმა რეკორდი მოხსნა აუქციონზე გაყიდულ ყველაზე ძვირადღირებულ ალკოჰოლურ სასმელებს შორის.
Macallan-ის ვისკი 60 წელზე მეტხანს ინახებოდა მუხის კასრებში, 1986 წელს კი 40 ბოთლში ჩამოისხა. აღსანიშნავია, რომ ისინი გაყიდვაში არ ჩაშვებულა და Macallan-ი მათ მხოლოდ საუკეთესო მომხმარებლებს სთავაზობდა.
როგორც ცნობილია, თითოეულ ბოთლზე სხვადასხვაგვარი ეტიკეტია დატანილი. 14 ბოთლზე დატანილი იყო „იშვიათი“ და „მაღალი ხარისხის“ ნიშნები, 12-ის შეფუთვა ინგლისელმა მხატვარ-გრაფიკოსმა პიტერ ბლეიკმა გააფორმა, დამატებით 12 ბოთლის ეტიკეტი იტალიელი მხატვრის, ვალერიო ადამის შემოქმედებაა, 2 ბოთლს კი საერთოდ არ ჰქონდა ეტიკეტი.
ლონდონში გამართულ Sotheby's-ს აუქციონზე იტალიელი მხატვრის, ვალერიო ადამის მიერ გაფორმებული 12 ბოთლიდან ერთ-ერთი გაიყიდა. უცნობია, ამ კოლექციიდან კიდევ რამდენი ბოთლი შემორჩა. ვარაუდობენ, რომ ერთი მათგანი 2011 წელს იაპონიაში მიწისძვრის დროს განადგურდა, კიდევ ერთი კი მოხმარების მიზნით გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ Macallan-ის თითქმის საუკუნიანი ვისკი აუქციონერებისთვისა და კოლექციონერებისთვის ყველაზე მიმზიდველ პროდუქტია. ერთ-ერთი ასეთი ბოთლი ბოლოს 2019 წელს, ასევე რეკორდულ ფასად - £1.5 მილიონად გაიყიდა.