საქართველოში საწვავი 5 თეთრით გაძვირდა. ცვლილება ფიქსირდება როგორც ბრენდირებულ, ისე არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე. ბრენდირებულ ბენზინ გასამართ სადგურებზე რეგულარის ტიპის ბენზინის ფასი 2,15-2,25 ლარის ფარგლებშია, პრემიუმის ფასი კი 2,43 ლარსაც კი უტოლდება.
ფასის ცვლილების მიზეზი საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის ზრდა გახდა - მარტის შემდეგ პირველად, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 50 დოლარს გადააჭარბა. ფასის ზრდა გლობალური ეკონომიკის აღდგენის დადებით დინამიკას და ვაქცინის გამოჩენას უკავშირდება.
„ნოემბრის შუა რიცხვებში ერთი ტონა დიზელი და ბენზინი 60-65 დოლარით უფრო იაფი ღირდა ვიდრე დღეს. ეს ზრდა საქართველოში იმპორტირებულ ერთ ლიტრ საწვავზე უკვე 15-20 თეთრით ფასის მატებას იწვევს. ეს ზრდა სრულად, ჯერჯერობით, არ განხორციელებულა. კომპანიებს არსებული მარაგები აძლევს საშუალებას, რომ ფასები შედარებით სტაბილურად შეინარჩუნონ და ზრდა ეტაპობრივად განახორციელონ. ჩვენს შემთხვევაში, ფასის კორექტირება მხოლოდ 5-10 თეთრით მოხდა“, - განაცხადა „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.
საქართველოში საწვავის ფასის ზრდა ჯერ კიდევ ნოემბრიდან დაიწყო, როდესაც ერთი ლიტრი საწვავი 7-13 თეთრით გაძვირდა. მომდევნო 10 დღის განმავლობაში კი ფასის კიდევ 5 თეთრიანი ზრდაა მოსალოდნელი.