LIVE

თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა, ფასი კი წლიურად 17%-ით გაიზარდა - TBC Capital

09 ნოე 202315:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 393

2023 წლის ოქტომბერში თბილისში 3 377 ბინა გაიყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კლება 14%-ია.

TBC Capital-ის მიმოხილვის თანახმად, სადაც თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებია გაანალიზებული, ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, ტრანზაქციებმა 13%-ით მოიმატა.

რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ის წლიურად 17%-ით, 1 176 აშშ დოლარამდე გაიზარდა. სექტემბერთან შედარებით კი ფასი 1%-ითაა გაზრდილი.  

„გაყიდვებისა და გასაყიდი ფასის ზრდის ფონზე, ბაზრის მოცულობა თვიურად 2%-ით გაუმჯობესდა ($229 მლნ), თუმცა წლიურად 12%-იანი კლება დაფიქსირდა“, - აცხადებენ TBC Capital-ში.

ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 24%-ით გაიზარდა საშუალო გასაქირავებელი ფასი და 12.3 აშშ დოლარს გაუტოლდა. წინა თვესთან შედარებით კი, ფასი ფაქტობრივად უცვლელი დარჩა.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები 11.1%-ს გაუტოლდა. სექტემბერთან შედარებით, ამონაგებმა უმნიშვნელოდ იკლო, ხოლო წლიურად 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირდა როგორც ახალაშენებული, ისე ძველი ბინების გაყიდვები. 

„2023 წლის ოქტომბერში 705 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 29%-ით მაღალია სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით. წლიურ ჭრილში 9%-იანი კლება დაფიქსირდა.

ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვების რაოდენობამ 2 672 შეადგინა და წინა თვესთან შედარებით 9%-ით გაიზარდა. ხოლო წლიურ ჭრილში 15%-იანი კლება შეინიშნება. იმის გამო, რომ თვიურ ჭრილში ახალი ბინების გაყიდვებმა უფრო შესამჩნევად იმატა, მათი წილი მთლიან გაყიდვებში 21%-მდე გაიზარდა.

საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად გაიზარდა როგორც ახალი (+12%), ისე ძველი (+18%) ბინების შემთხვევაში.

თვიურ ჭრილში, გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის 1.1%-ით შემცირდა, ხოლო ძველი ბინებისთვის 1.4%-ით გაიზარდა.

2023 წლის ოქტომბერში 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინების გაყიდვების წილმა ტრანზაქციებში 42% შეადგინა (-1 პპ, თ/თ), 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილმა კი - 5%. 

მაღალი (>1 500 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის წილმა მთლიან ტრანზაქციებში 16% შეადგინა, რაც 6 პროცენტული პუნქტით აღემატება 2022 ოქტომბრის მაჩვენებელს“, - აღნიშნულია თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაში.

TBC Capital-ის თანახმად, ოქტომბერში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით საბურთალო ლიდერობდა, რომელიც მთლიანი გაყიდვების 20%-ს იკავებდა. მეორე პოზიციაზე იყო დიდი დიღომი (18%).

დიდუბესა და ჩუღურეთში ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი მატება შეიმჩნეოდა წინა წლის ოქტომბერთან შედარებით. ხოლო საბურთალოსა და გლდანში საგრძნობი კლება იყო. რაც შეეხება ძველ ბინებს, გაყიდვებში წლიური ზრდა მხოლოდ საბურთალოზე დაფიქსირდა.

გასულ თვეში 1 კვ.მ-ს საშუალო გასაყიდი ფასი მთაწმინდაზე კვლავ აჭარბებდა 2 000 აშშ დოლარს. აღსანიშნავია, რომ ძველი ბინების შემთხვევაში, ყველა უბანში წლიური ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი ზრდით გამოირჩეოდა დიდუბე (+39%), მთაწმინდა (+29%) და ნაძალადევი (+22%). 

მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის 10 თვეში, თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობმა (საცხოვრებელი) 1.3 მლნ კვადრატულ მეტრს მიაღწია, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 66%-ით აღემატება.