
მთლიანად რიკოთის პროექტი 2024 წელს დასრულდება,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.
მისი თქმით, ამ დროისათვის, რიკოთის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან უკვე გაჭრილია 48, ხოლო 97 ხიდიდან აშენებულია - 83. ქარსელაძე ირწმუნება, რომ ახალი გზა უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს.
„საერთო ჯამში, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 261 კმ უკვე გახსნილია და სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 81 კმ-ზე, კერძოდ: ოსიაური-ჩუმათელეთის; ჩუმათელეთი-ხევის; შორაპანი-არგვეთას მონაკვეთებზე; სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მე-3 ლოტზე, პირველ ლოტზე კი, მიმდინარე ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, შემუშავდება შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტა ხიდის აღდგენის მიზნით; გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის 5 კმ-ზე მოძრაობა 2022 წელს გაიხსნა, წელს გაიხსნება გზის 6 კმ-იანი მონაკვეთი, 3 კმ-იანი მონაკვეთი კი, მომავალ წელს დასრულდება“,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, სურამთან, შროშასთან და ზესტაფონთან მოეწყობა სპეციალური სივრცეები, ე.წ. სავაჭრო მოედნები, სადაც მოსახლეობა საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას შეძლებს.