საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია საქართველოში მოპოვებული ნედლი ნავთობის გასაყიდად აუქციონს აცხადებს.
კერძოდ, აუქციონზე 10 000 ტონამდე ნავთობი გადის, საიდანაც Georgian Light ტიპის ნავთობის სავარაუდო მოცულობა 8 000 ტონაა, ხოლო Georgian Heavy ტიპის - 2 000 ტონა.
შესაბამისი აუქციონი 6 ნოემბერს გაიმართება. აუქციონში მონაწილეობის პირობების თანახმად, მონაწილეობის მსურველი ვალდებულია, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის საბანკო ანგარიშზე წინასწარ ჩარიცხოს $50 000, ამ თანხის ეკვივალენტი ლარში ან წარადგინოს საბანკო გარანტია აღნიშნულ თანხაზე.
ერთი ნეტო ბარელი ნედლი ნავთობის საბოლოო ღირებულება გამოანგარიშდება აშშ დოლარში შემდეგი პრინციპით: ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს და მის მომდევნო ორ დღეს S&P Global, Inc.-ის გამოცემაში გამოქვეყნებული Urals CIF Med - Georgian Heavy ნედლი ნავთობისა და Dated Brent – Georgian Light ნედლი ნავთობისთვის დღიური საშუალო ფასების საშუალო არითმეტიკულს გამოკლებული აუქციონით დადგენილი ფასდაკლება.
აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება კორპორაციის მიერ ფასდაკლებული ერთი ბარელი ნავთობის ფასის - $5.70-ს მიმართ, $0,20 ბიჯით შემცირებით.
ცნობისთვის, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ 2023 წელს, გასულ წელთან შედარებით, საქართველოში მოპოვებული ნავთობის მოცულობა 207%-ით გაიზარდა.